“უახლოესი მეგობარი არასდროს არ ყოფილა” | მდინარაძე რიჟვაძეზე

მდინარაძე რიჟვაძე

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე მისი ახლო მეგობარი არასდროს ყოფილა. "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებთან საუბრისას დასძენს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან ახლა კომუნიკაცია არ აქვს. მდინარაძის თქმითვე, პროკურატურა რიჟვაძის საქმეზე მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მყარი მტკიცებულებები ექნება. 

„შს მინისტრისგან გავიგეთ ის, რომ კამერები იყო (შემთხვევის ადგილზე) და კამერები ამოღებულია და მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი.

მერე ათასი მანიპულაცია იყო, გეკა გელაძე იყო, მამუკა მდინარაძე და ეს სისულელე, ტყუილები ითქვა, მაგრამ რაც ჩვენ გავიგეთ, იქ იყო 4 თუ 5 ადამიანი, მათ შორის ორი ოჯახის წევრი თორნიკე რიჟვაძის და მასპინძლის ორი თუ ერთი მეზობელი, ეს არ ვიცი ზუსტად“ – თქვა მამუკა მდინარაძემ 7 აგვისტოს. 

„უახლოესი მეგობარი არასდროს არ ყოფილა. თანაგუნდელი…“ – განაცხადა მდინარაძემ, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ მოიკითხა მეგობარი დაჭრის შემდგომ.

„მოვიკითხე ბევრჯერ, პირადად ვერ მოვიკითხე იმიტომ, რომ არ აქვს მას ტელეფონი და კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მისი ოჯახის წევრებთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და ვიგებთ მდგომარეობის შესახებ ამბავს და ვიცით, რომ არის უკეთ და უკეთ“.- განაცხადა მდინარაძემ.

გაგახსენებთ, რომ 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით კლინიკაში შეიყვანეს. მან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსი ახვლედიანის სახლში სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა, რის შედეგადაც ფილტვი დაუზიანდა.

თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად საგარეჯოს კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს. მოგვიანებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიჟვაძეს თანამდებობის დატოვების შემდგომ „ფულს სთხოვდნენ“, რაც ოფიციალურად არ დასტურდება. 

"რიჟვაძის საქმეზე" საგამოძიებო უწყებებს დღემდე ოფიციალური განმარტებები არ გაუკეთებიათ. 

მეტის ნახვა