ახალი ამბები • 1747046220
როგორ მოვიქცეთ, როცა ავტომობილი წყალში გადავარდება?

როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი წყალში იძირება (თვითგადარჩენების წესები ექსპერტებისგან და საერთაშორისო რეკომენდაციებიდან):
👉 მნიშვნელოვანი ფაქტები:
▪️ წყალთან კონტაქტისას ავტომობილი ტივტივებს საშუალოდ 1-დან 8 წუთამდე (მინივენების ტიპის ავტომობილები, შესაძლოა, ცოტა მეტხანსაც);
▪️ ფანჯრების ჩაწევის ელექტრონული ფუნქცია წყალთან შეხების შემდეგ შენარჩუნებულია საშუალოდ 15-60 წამის განმავლობაში.
🚨 უნდა გახსოვდეს შემდეგი 4 ნაბიჯი და როგორც კი ავტომობილი შეეხება წყალს, დაუყოვნებლივ დაიწყე მათი შესრულება თანმიმდევრულად (დრო არ უნდა დაიხარჯოს სხვა არაფერზე (!)):
✅ 1 - გაიხსენი ღვედები (თუ მარტო არ ხარ მანქანაში, პარალელურად დაიძახე ხმამაღლა, რომ ყველამ გაიხსნას ღვედები);
✅ 2 - ჩაწიე/ჩაამსხვიე ფანჯარა;
✅ 3 - გაათავისუფლე ბავშვები სავარძლიდან;
✅ 4 - სასწრაფოდ დატოვეთ ავტომობილი ფანჯრიდან. პირველ რიგში უშვებთ ბავშვებს, შემდგომ გადიხართ თქვენ. ასაკით უფროსი ბავშვი მიდის წინ, შემდგომ მიჰყვებიან დანარჩენები).
⚠️ მანქანიდან თავის დაღწევის შემდეგ:
▪️ ეცადე გამაგრდე სტაბილურ ადგილას. იდეალურ ვარიანტში, თუ ავტომობილი ახლოს არის ნაპირთან - ნაპირზე; სხვა შემთხვევაში - აძვერი ავტომობილის სახურავზე;
▪️ საკუთარი შესაძლებლობების, გარემოს, რისკისა და სარგებელის შეფასების შემდეგ, გადაწყვიტე - ჯობს გაცურვა და ნაპირთან მიახლოვება თუ არა;
▪️ დარეკე 112-ში, ითხოვე შველა.
❌ რა არ უნდა გააკეთო?
▪️ არ დარეკო ავტომობილიდან. 112-ში რეკავ ავტომობილიდან თავის დაღწევის შემდეგ;
▪️ არ ეცადო კარების გაღებას, საუკეთესო და ყველაზე მარტივია ფანჯრიდან გამოსვლა. ავტომობილის კარის გაღებას ვცდილობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერანაირად ვერ ჩავწიეთ/ჩავამტვრიეთ ფანჯარა და მანქანაში უკვე შემოსულია დიდი რაოდენობის წყალი, რომელიც სცდება ფანჯრის დონეს;
▪️ არ ეცადო საქარე მინის ("პარპრიზი") ჩამსხვრევას, საუკეთესო გამოსავალი არის გვერდითი ფანჯარა.
📌 დამატებითი ინფორმაცია:
▪️ ავტომობილში იქონიე მინის ჩასამსხვრევი ხელსაწყო, მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას;
▪️ ხელსაწყოს არქონისას, ეცადე მინა ჩაამსხვრიო - ნებისმიერი მყარი საგნით, რაც მოსახერხებელია - ფეხით; იდაყვით; მუშტით. შეგვიძლია ვიხმაროთ სავარძლის საზურგის ზედა ნაწილი (თავის მისაყრდნობი ბალიში) - მოხსნის შემდეგ ვნახავთ, რომ მას აქვს მეტალის ორი, საკმაოდ მყარი ჯოხი;
▪️გვერდითი ფანჯრის მინის ჩატეხვა ჯობს მინის კიდეში დარტყმით და არა ცენტრში;
▪️რეგულარულად ივარჯიშე, წინა სავარძელზე ჯდომისას, დახუჭული თვალებით როგორ გახსნა უკანა (მათ შორის ბავშვის) სავარძლის ღვედები;
▪️ ისწავლეთ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
🚨 ხშირად იმეორე ამ თანმიმდევრობით:
✅ 1 - ღვედები
✅ 2 - ფანჯარა
✅ 3 - ბავშვები
✅ 4 - გარეთ
📊 სტატისტიკა:
▪️ ყველა იმ ავტოსაგზაო შემთხვევას შორის, რომელშიც მხოლოდ ერთი ავტომობილი მონაწილეობს, ყველაზე ხშირად, ლეტალური შედეგით სწორედ წყალში ჩავარდნის ტიპის ავტოსაგზაო შემთხვევები სრულდება.
▪️ ამ ტიპის შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ არსებობს მაღალი ეფექტურობის მქონე სამაშველო პროტოკოლი, შესაბამისად, წყალში ჩავარდნის ტიპის ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე ეფექტურია თვითგადარჩენის წესების ცოდნა.
▪️ იდეალურ შემთხვევაში, მანქანიდან თავის დაღწევა უნდა მოხდეს ავტომობილის წყალთან შეხებიდან 1 წუთში.
❤️🩹 ბოლო 1,5 თვის განმავლობაში თბილისში მსნქანა მდინარეში ოთხჯერ გადავარდა, აქედან ორი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, სულ სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთა მაქსიმალური ასაკი 25 წელია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, მაშველებმა მტკვარში 4 ცხედარი იპოვეს (აქედან მანქანის გადავარდნას ორი უკავშირდება). კიდევ ერთ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
🙏 გახსოვდეთ, რომ გადაუდებელ სიტუაციებში ინფორმაციული მზადყოფნა თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
❤️ ჯანმრთელობას გისურვებთ.
ექიმი არჩილ მარშანია | პირველადი დახმარების ცენტრის გვერდიდან ☑️

1739131407