04, თებერვალი 2020 21:07:00
საგანგაშო მდგომარეობა კონტროლს მიღმა დარჩენილ კერძო ბაღებში. საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა ბათუმის ორი კერძო ბაღი შეამოწმა. ბავშვები სიცოცხლისთვის საშიშ და სააღმზრდელო დაწესებულებისთვის შეუსაბამო პირობებში არიან. რას ფიქრობენ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაში? და რას ამბობენ აჭარის საკანონმდებლო ორგანოში? ხატია გოგრაჭაძის სიუჟეტიდან გაიგებთ.
საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა ორი დღის განმავლობაში, ბათუმის ორი კერძო ბაღი შეამოწმა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის ამსახველი კადრებდან ჩანს, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვებს, სიცოცხლისთვის საშიშ და სააღმზრდელო დაწესებულებისთვის შეუსაბამო პირობებში უწევთ ყოფნა.
მონიტორინგში მონაწილე პირები კერძო ბაღებში არსებულ ანტისანიტარიაზეც საუბრობენ. იამზე გაბაიძის თქმით, დაწესებულებებში მაღალი გადასახადის შესაბამისი პირობები არაა.
ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კერძო ბაღებთან მიმართებით არსებული მდგომარეობა, პირველ რიგში, მშობლის პასუხისმგებლობაა. თიკო აბაშიძის შეფასებით, კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის მონიტორინგის გასაწევად, სახელმწიფო დონეზე, სპეციალური სამსახურების შექმნა აუცილებელია.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით გამოწვევები ნამდვილად არსებობს და ხელისუფლება სკოლამდელი აღზრდის რეფორმაზე მუშაობს. ცოტნე ანანიძის შეფასებით, კერძო ბაღები, საჯარო ბაღებისთვის გაწერილ, იმ ხუთ პუნქტიან სტანდარტს უნდა მოერგოს, რომელიც შესაბამისი სწავლების, ინფრასტრუქტურის, კვების, პედაგოგთა კვალიფიკაციის და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, კერძო ბაღების კონტროლი და მათი ავტორიზაცია-ლიცენზირება, არცერთი სახელმწიფო უწყებისგან, არ ხდება.