რატომ ვერ სძლევს მოსახლეობა სიღარიბეს? - გამოკითხვა

მთელი ქვეყნის მასშტაბით სიღარიბეში ათასობით ოჯახი ცხოვრობს. საგრძნობლად მაღალია იმ ბავშვთა რაოდენობაც, რომლებიც შიმშილობენ და ლუკმა-პურის საშოვნელად ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ. ამას სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები მოწმობს. შედეგები, წლიდან წლამდე, ფაქტობრივად, უცვლელია. რატომ ვერ სძლევს მოსახლეობა სიღარიბეს? აზრი ბათუმის ქუჩებში ვიკითხეთ.

სიღარიბის გამომწვევი ძალიან ბევრი მიზეზი და ფაქტორი არსებობს. სოციოლოგები, მას სახეობების და  გამომწვევი მიზეზების მიხედვით აჯგუფებენ. ის მოიცავს საცხოვრებლის, საკვებისა და ტანსაცმლის არქონას, მიუწვდომელ განათლებას და ჯანდაცვას, სამსახურისა და სამუშაო ადგილთან ხელმისაწვდომობის პრობლემას. ადამიანები მრავალი ფაქტორის გამო არიან ან ხდებიან ღარიბები. ეს შეიძლება იყოს,  პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური პრობლემებით გამოწვეული მდგომარეობა, განათლების პრობლემა და სხვა, თუმცა, ქართულ რეალობაში, მოქალაქეები, კიდევ ერთ გარემოებაზე საუბრობენ, რომელიც ვერასდროს ხვდება რომელიმე კვლევაში.

სიღარიბის მაღალ სტატისტიკურ მონაცემზე, პასუხისმგებლობას საზოგადოების დიდი ნაწილი, მხოლოდ, ხელისუფლებას აკისრებს. ამბობენ, რომ ესეც ქვეყნის ერთგვარი თავისებურებაა - ვინც სათავეში მოდის, ყველა, მხოლოდ, საკუთარი და ახლო გარემოცვის კეთილდღეობისთვის ზრუნავს. შესაბამისად, ნეპოტიზმი და კორუფცია აღმოუფხვრელ პრობლემად რჩება.

რატომაა აღმოუფხვრელი პრობლემა სიღარიბე ქვეყანაში? - მაშინ, როცა  საზოგადოების ერთი ნაწილი, ქართველი ადამიანის ბუნებაზე - სიზარმაცეზე საუბრობს, მეორე მხარე აცხადებს, რომ ხელისუფლება სამუშაო ადგილებს არ ქმნის, ხოლო, ვინც დასაქმებულია, მას ღირსეული ხელფასი არ აქვს, მიზერულ ანაზღაურებას კი, გაძვირებული ცხოვრება ემატება.

თუმცა მოწინააღმდეგე ამ ლოგიკასაც ჰყავს. რესპონდენტი, ისევ ქართველი კაცის ბუნებაზე საუბრობს, ადამიანების იმ კატეგორიაზე, რომლებსაც რიგი სამუშაოს შესრულება ეთაკილებათ. ყურადღებას ამახვილებს სიღარიბის გამომწვევ არამატერიალურ მიზეზზეც - შიშზე. ღარიბ ადამიანებს, ასევე, ხშირად აქვთ განცდა, რომ არაფერი გამოუვათ.

იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიციური კადრები ჩვენს ქვეყანაში ჭირს, პრობლემაა ხარისხიანი სერვისის მიღება, თითქმის, ყველა სექტორში. ეს ცხადყოფს, რომ საქართველოში, ადამიანები სიღარიბეს, კიდევ ერთი, არამატერიალური მიზეზის - განათლების დაბალი დონის გამო ვერ უმკლავდებიან.

მეტის ნახვა