TV 25-ის მიერ მომზადებული მასალის შემდეგ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

გამოშვებას ვიწყებთ სკანდალური ამბის დეტალებით. ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ეს მას შემდეგ, რაც TV 25-მა ის სიძულვილის შემცველი შინაარსის კომენტარი გაასაჯაროვა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გუშინ, შუახევში მომხდარი ფემიციდის ფაქტის შესახებ დაწერა. ფერიდე შაინიძე ფეისბუქზე ქალის მკვლელობას ნიშნისმოგებით გამოეხმაურა და მიუთითა, რომ ასე ემართებათ „თავში ავარდნილ“ ქალებს. მოგვიანებით მან ჩვენთან დაადასტურა, რომ კომენტარი თავად დაწერა, თუმცა უარყო, რომ ეს მოკლულ ქალს ეძღვნებოდა. მას შემდეგ, რაც საკითხის მოკვლევა ხელვაჩაურის რესურსცენტრმა დაიწყო, შაინიძის კომენტარი  გაქრა და დირექტორმა ვირტუალური სივრციდან პროფილის ფოტოც წაშალა.  თავი კი იმით იმათლა რომ  ფეისბუქი გაუტეხეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში განათლების სამინისტრომ გვაცნობა, რომ დირექტორმა თანამდებობა დატოვა. დღის ბოლოს კი ფერიდე შაინიძემ სოციალური ქსელი საერთოდ გააუქმა.

სკანდალში გახვევის შემდეგ, ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ TV25-ს აჭარის განათლების სამინისტროდან აცნობეს. უწყებაში გვითხრეს, რომ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, რესურსცენტრმა საკითხის შესწავლა დაიწყო, პროცესის მიმდინარეობისას კი, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

რესურსცენტრმა ფაქტის აღმოჩენისთანავე დაიწყო შესწავლა. ამ პროცესის მიმდინარეობისას დირექტორმა დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად, დაიწერა მისი გათავისუფლების ბრძანება.

ამბავი კი ასეთი იყო: ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი შუახევში, ქმრის მიერ მოკლული ქალის ამბავს ნიშნისმოგებით და  სიძულვილის შემცველი კომენტარით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ასე იმ ქალებს ემართებათ, რომელთაც „თავში აქვთ ავარდნილი“.

მომხდარის აღმოჩენის შემდეგ, სკოლის დირექტორს განმარტებისთვის დავუკავშირდით. ფერიდე შაინიძემ დაგვიდასტურა, რომ კომენტარი თავად დაწერა, თუმცა თავი იმით იმართლა, რომ პოზიცია არა მოკლული ქალის, არამედ საკუთარი ოჯახის მისამართით დააფიქსირა. კითხვაზე, რატომ დაწერა იგი შუახევში მომხდარი ინფორმაციის ამსახველი პოსტის ქვეშ, ვერ გვიპასუხა. მოგვიანებით, მან ეს კომენტარი სოციალური ქსელიდან წაშალა.

ამ სატელეფონო საუბრიდან მალევე, ფერიდე შაინიძემ პოზიცია შეცვალა. სკოლის დირექტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს და მისი სახელით ბოროტულად ისარგებლეს.

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექცია (სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე) ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ტრაგიკულად დაღუპული მელანოს გამო და აქვე გაცნობებთ, რომ ჩემი პირადი ფეისბუქით Feride Shainidze რომელიც გამიტეხეს და ისარგებლეს ბოროტულად რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ იყო დაწერილი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ჩემი სახელით დაწერილი სტატუსის გამო.

ფაქტის შეფასება განათლების ექსპერტს ვთხოვეთ. ასმათ დიასამიძე მომხდარს გმობს და ამბობს, რომ საჭიროა, განათლების სამინისტრომ კადრების გადახალისებასა და დატრენინგებაზე იმუშაოს.

ცნობისთვის, ფერიდე შაინიძე ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორად 1993 წლიდან მუშაობდა. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. ჩვენს სატელეფონო ზარებს, არც ხელვაჩაურის რესურსცენტრში უპასუხეს.

მეტის ნახვა