ახალი ამბები • 1739289832
ე.წ. ქოლცენტრების საქმე - დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
![დავით კეზერაშვილი დავით კეზერაშვილი](https://tv25.ge/uploads/files/2023/05/18/6338/davit-kezerashvili_w_h.jpeg)
"ფორმულას" დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ის კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საგამოძიებო სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები, თითქოს მისი სახელი დაკავშირებულია "ქოლ-ცენტრებთან" და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, უკიდურესად მცდარია.
კეზერაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. მის განცხადებას "ფორმულა" ავრცელებს. კეზერაშვილის თქმით, BBC-ისგან სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც "არ გააჩნდა სათანადო საფუძველი", უპასუხისმგებლობა იყო.
"დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა.
მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, ფორმულას დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია.
ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის "სანდოობას", რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო", - ამბობს კეზერაშვილი.
შეგახსენებთ, 12 აპრილს ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გლობალურ თაღლითურ სქემაზე საუბრობს. ამ სქემის სათავეში BBC საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს მოიაზრებს. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, იმ კომპანიების უკან, რომლებიც ევროპის მოქალაქეებისთვის თანხების მოტყუებით გამოძალვით იყვნენ დაკავებულები, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული პირები დგანან.
18 აპრილს დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დაემტკიცებინა საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ კეზერაშვილი "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს და არსებული წილის ნახევარს, ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს, ხოლო, მისი თქმით, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ, კოლექტივს გადასცემს დარჩენილ წილსაც.
![პოლიციის ხაზი, ლენტი პოლიციის ხაზი, ლენტი](https://tv25.ge/uploads/files/2023/12/13/7895/politsiis-khazi-lenti_b_t.jpeg)
1728455482