ბათუმში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოქალაქეები უკანონოდ შეიჭრნენ

ბათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში 20-მდე ოჯახი უკანონოდ შეიჭრა. ისინი ამ დრომდე ობიექტში რჩებიან. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველ ხუთშაბათს, ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობის სახლთან, აქციებს მართავდნენ: უსახლკაროები, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები და სოციალურად დაუცველები.

თვითნებურად შესახლებულები სტატუსის აღიარებასა და დახმარებას თვეების განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. ამ დრომდე ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრს სამართალდამცავები აკონტროლებენ. ჟურნალისტებს იქ შესვლა აკრძალული აქვთ. შენობაში არც ოპოზიციის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი შეუშვეს.

ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება. ერთმანეთს, ბარცხანაში მცხოვრებლები და სოციალურად დაუცველები დაუპირისპირდნენ. აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამ შენობაში უკანონოდ იჭრებიან.

თვითნებურად შესახლებულებთან მოლაპარაკებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე აწარმოებდა. რამაზ ჯინჭარაძე მათ ერთჯერადად, 500 ლარიანი დახმარება და პროგრამებში ჩართვა შესთავაზა, რაზეც უკანონოდ შეჭრილებისგან უარი მიიღო.

ცნობისთვის, შენობა, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, სადაც საპასუხო კომენტარს არ აკეთებენ.

მეტის ნახვა