"სანქციები ივანიშვილს, ოცნების დეპუტატებს" - ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი რუსულ კანონზე

კვლავ მწვავეა საერთაშორისო გამოხმაურებები. ევროპარლამენტარების შეფასებით, რუსულმა კანონმა, შესაძლოა, საქართველო სრულად გადაიყვანოს ევროპული კურსიდან, ამ ყველაფერს კი ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის მარიონეტს სულ უფრო მეტად ემსგავსება“, - ამის შესახებ რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

ერთობლივ ბრიფინგზე განმარტება გააკეთა ვიოლა ფონ კრამონმაც და თქვა, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

„თუ კი ამ კანონს არ გაიწვევენ, ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს“, - განაცხადა კრამონმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარებმა ბრიფინგი პარტია "ახალის" ლიდერ ნიკა გვარამიასთან ერთად გამართეს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპარლამენტში ინიციირებულია რეზოლუციის პროექტი "საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და მისი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის შესახებ". რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება.

რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს. ამავე პუნქტში მოწოდებაა ევროპული საბჭოს მიმართაც, განიხილონ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება.

მეტის ნახვა