35 წელი 9 აპრილიდან | როგორ იხსენებს მოვლენებს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე

1989 წლის 9 აპრილი, დარბეული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია და ბრძოლით შენახული თავისუფლება - საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული თარიღიდან 35 წელი გავიდა. 9 აპრილის სისხლიანი მოვლენები 21 დაღუპულს ითვლის. რუსული რეჟიმის წინაშე მებრძოლებმა ქვეყანას თავისუფლება მოუტანეს. როგორ იხსენებს მოვლენებს მონაწილე და რა პარალელებს ავლებს ბრძოლასთან, რომელიც რუსული გავლენების წინააღმდეგ ახლაც მიმდინარეობს? თეო ფუტკარაძემ ჩაწერა ინტერვიუ ვაჟა თავართქილაძესთან.

საყოველთაო დაუმორჩილებლობა და დამსხვრეული მითი რუსეთთან ბედნიერი თანაცხოვრების შესახებ - 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიის ერთ-ერთი პირველი ფურცელია.

თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიით და მსხვერპლით დაწყებული თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლების ბრძოლაში მონაწილე ბათუმელი, ვაჟა თავართქილაძე, სწორედ იმ პერიოდს იხსენებს და ყვება, რომ ეს იყო ერის გამოღვიძების, ახალგაზრდების გამოფხიზლების პირველი ნაბიჯები.

ვაჟა თავარქთილაძისთვის 9 აპრილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ფურცელია. ამბობს, რომ 35  წლის განმავლობაში ქვეყანამ მრავალი ქარტეხილი გამოიარა,  აღიდგინა დამოუკიდებლობა,  მოხდა ვარდების რევოლუცია, აგვისტოს ომი, თუმცა ეს დღე განსაკუთრებული დატვირთვისაა. მიაჩნია, რომ მონაპოვარს ყველა ერთნაირად უნდა უფრთხილდებოდეს.

თავართქილაძის შეფასებით, დღეს საქართველო კვლავ რუსულ გავლენებს ებრძვის. მოქალაქე ხელისუფლების ნაბიჯებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ 35 წლის წინ მიღწეულს, ოცნების ხელისუფლება არაფრად აგდებს რუსული კანონის დღის წესრიგში დაბრუნების გამო.

ვაჟა თავართქილაძე ის მოქალაქეა, რომელიც სისტემას ხშირად უპირისპირდება. მიაჩნია, რომ დიდი ტკივილის შედეგად მიღწეულ თავისუფლებას სათანადო დაცვა სჭირდება, რაზეც პასუხისმგებლობა ყველამ თანაბრად უნდა აიღოს და ეს საზოგადოებას, მხოლოდ 9 აპრილს არ უნდა ახსენდებოდეს.

მეტის ნახვა