წყალში გადაყრილი მილიონები და ვერ განხორციელებული მასშტაბური პროექტი ბათუმში - რას წერს აუდიტი ყინულის სასახლზე?

წყალში გადაყრილი მილიონები და ვერ განხორციელებული მასშტაბური პროექტი ბათუმში. ყინულის სასახლის დაუსრულებელი მშენებლობა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოხვდა. კომპლექსი 2019 წელს უნდა აშენებულიყო, თუმცა ხელისუფლების მხრიდან გაცემული და შეუსრულებელი დაპირებების გამო, ქალაქს ის ჯერ კიდევ არ აქვს. სახელმწიფოს კი კომპანიისთვის, 10 მილიონი ლარი ავანსის სახით გადახდილი აქვს. იმის გამო, რომ აჭარის მთავრობას, ბიუჯეტში, მშენებელი კომპანიისთვის გადასახდელი თანხა გათვალისწინებული არ ჰქონდა, ფული საქართველოს მთავრობისგან სესხად აიღო. ვალი, დღემდე გადაუხდელია. აუდიტის სამსახური წერს, რომ პროექტების მართვის კომპანიაში არსებულმა შიდა კონტროლის სისტემამ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციებისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო დადასტურება ვერ უზრუნველყო. 

1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე, 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა - ეს მასშტაბური და მიმზიდველი პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელისუფლებამ, დაპირება, რეალობასთან თანხვედრაში, ოთხი წლის შემდეგაც ვერ მოიყვანა. ბათუმში, ლადო ასათიანის 27 ნომერში, ვითარება კატასტროფულია, ინფრასტრუქტურა ამორტიზებული, ადგილი კი, ეკალ ბარდითაა სავსე.

ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, ზუსტად იმ დროს, როდესაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება ბათუმში დაიგეგმა. აუცილებელი ფართის უზრუნველყოფის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „სტადიონს“ დაავალა. შესაბამისი ადგილის დროულად ვერ მოძიების გამო კი, ხელშეკრულება, გამარტივებული წესით, ისეთ კომპანიასთან გააფორმდა, რომელიც შპს-სედ ერთი თვის ადრე იყო დარეგისტრირებული. ფაქტჩეკის უფროსი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ კომპანიასა და ხელისუფლებას შორის ერთგვარი გარიგება მოხდა.

ვერ შესრულებული მასშტაბური პროექტი, სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნაში მოხვდა. მთავარი ფინანსური მაკონტროლებელი წერს, რომ შიდა კონტროლის სისტემამ, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, არსებული რეგულაციებისა და ხელშეკრულების პირობების სათანადო შესრულება ვერ უზრუნველყო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ,  43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისა და ფიდეს 89-ე კონგრესის ღონისძიებების ჩასატარებლად, აუცილებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, შპს „სტადიონს“ დაავალა სპორტული კომპლექსის პროექტირების მომსახურების და შემდგომში − სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. კომპანიისთვის ოლიმპიადის გამართვამდე  19 თვით ადრე ცნობილი იყო განსახორციელებელი პროექტის მასშტაბურობა და მნიშვნელობა, თუმცა მაინც ვერ მოხერხდა შესყიდვების სათანადო დაგეგმვა. შპს „სტადიონსა“ და კანადურ კომპანია Westincor limited-ს შორის გამარტივებული შესყიდვის ფორმით გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ღირებულება 19.990.002 აშშ დოლარით განისაზღვრა. ხარჯთაღრიცხვის მონაცემები არ იძლევა სრულ ინფორმაციას შესასრულებელ სამუშაოებზე და არ არის შედგენილი ლოკალურ-რესურსული მეთოდითა და საბაზრო ფასების გათვალისწინებით.

არსებული რეალობის მიუხედავად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვარწმუნებენ, რომ უწყება ბათუმში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტს ახორციელებს, რომელიც ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობას ითვალისწინებს. კამერების წინ საუბარი პასუხისმგებელმა პირებმა არ ისურვეს. აქ, მხოლოდ, წერილობით განმარტეს, რომ:

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში მასშტაბურ სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტს ახორციელებს. პროექტი ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს. კონკურსის წესით უკვე გამოვლენილია კომპანია "ბი დაბლიუ ეს", რომელიც აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობს. 2023 წლის აჭარის ბიუჯეტში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის პროექტისთვის განსაზღვრულია 5 მილიონი ლარი. დამატებით საქართველოს მთავრობა პროექტს 20 მლნ ლარით აფინანსებს. პროექტის განხორციელება კომპანია "ვესტინკორ ჯორჯია"-მ დაიწყო, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციას გასცემს, რომ პროექტების მართვის კომპანიამ შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმი, რომელიც არსებული რეგულაციებისა და ხელშეკრულების პირობების შესრულებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ვერ შემდგარ პროექტს, ბოლო ოთხი წელია პასუხისმგებელი უწყებისგან, მონოტონურად ვისმენთ, რომ ბათუმში მასშტაბური პროექტი მალე განხორციელდება, თუმცა, სიტყვები და დაპირებები, როგორც სხვა მრავალ საკითხზე, ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ, დაპირებად რჩება. 

მეტის ნახვა