ახალი ამბები • 1754467332
ხულო-ზარზმის გზის საქმე - “ლელო” პროკურატურას მიმართავს

"ლელოს" ბათუმის ორგანიზაცია პროკურატურას მიმართავს და იმ კომპანიების საქმიანობს შესწავლას ითხოვს, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.
პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ამ ხნის მანძილზე, საქმის კეთების ნაცვლად, კომპანიებისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს შორის მსხვილმა კორუფციულმა გარიგებებმა დააზარალა პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობა, პოტენციური სამთო კურორტის განვითარება და არამიზნობრივად გაიხარჯა საერთაშორისო ფონდის მიერ გამოყოფილი მილიონობით ლარი.
"24 წელია და ხულოს-ზარზმის გზის მშენებლობა კვლავ დაუსრულებელია. მივმართავთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ამ მნიშვნელოვანი გზის მშენებლობას ახორციელებდნენ და სამუშაოების 30 პროცენტიც არ არის შესრულებული. თავდაპირველი ხელშეკრულებით, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ყველა მსხვილი მშენებლობის უკან იდგა ხელისუფლება და საქმე გვქონდა მშენებელ კომპანიებსა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შორის კორუფციულ გარიგებებთან, ეს დადასტურდა ჩინურ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ შეწყვეტილი ხელშეკრულებით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტით არ უნდა შემოიფარგლოთ ეს საქმე და პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს საკითხი, როგორც კომპანიის, ასევე სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ჩართული პირების მიმართ.
დარწმუნებულები ვართ, წელს მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს და ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ საერთაშორისო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა სესხის სახით დააწვება ჩვენს გაღატაკებულ მოსახლეობას, ამიტომ უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც ხელოვნურად აფერხებდა გზის მშენებლობას. ასევე უნდა გასაჯაროვდეს თანხის რაოდენობა, რომელიც საერთო სამუშაოებისთვის გამოყოფილი 110 მილიონიდან რამდენი გაიხარჯა ამ დრომდე.
აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობამ ასევე დააზარალა კურორტ „გოდერძის“ განვითარება და ამაზე საუბრობენ ის ინვესტორები, რომლებმაც მილიონობით ინვესტიციები ჩადეს სამთო კურორტის განვითარებისთვის",- განაცხადა ლელოს პოლიტსაბჭოს წევრმა, ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა, გენო თებიძემ.
შეგახსენეთ, ორი დღის წინ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“ მრავალმილიონიანი ხელშეკრულებები შეუწყვიტა, სწორედ აღნიშნული კომპანია ახორციელებდა ხულო-ზარზმის გზისა და შემოვლითი გზის მშენებლობებს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ამ ხნის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ აღნიშნული სამუშაოები მიანდო ისეთ კომპანიებს, რომელთა საქმიანობას სხვადასხვა დროს პროკურატურა იძიებდა, ან ჰქონდა შეუსრულებელი ვალდებულებები.
ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს.

1745312322