აგენტების შესახებ კანონი და პოლიტიკოსთა შეფასებები

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა ე.წ რუსული კანონი პარლამენტში მეორედ დააინიცირა, ქვეყნის მასშტაბით, ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში აქტიური საინფორმაციო ომი დაიწყო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დოკუმენტი რუსულია და მისი მიზანი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილება და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების გაქრობაა. საპირისპიროს  გვეუბნება ოცნება. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურება და ქართულია, ამის მთავარ არგუმენტად კი კანონის მოწინააღმდეგე ადამიანების მისამართით კონტრკითხვა მოჰყავს, ამ ფორმულირებით „რატომ არის ის რუსული“. დღეს „მაცნემ“ გადაწყვიტა, თანაბარი დრო დაეთმო ყველა მხარისთვის რათა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ახსნან, რატომ არის  ან არ არის კანონი რუსული.

რატომ არის კანონი რუსული? პარტია „ახალი“-ს წევრს რამდენიმე არგუმენტი აქვს. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ დოკუმენტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისივე მოსაზრებით,  პარტნიორების მიერ მხარდაჭერილ ორგანიზაციებს დამამცირებელი იარლიყები მიეკერებათ, რაც საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნებს.

რატომ არის კანონი რუსული? „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ თითქმის იდენტური პოზიცია აქვთ. ლევან ანთაძეს მიაჩნია, რომ დოკუმენტი იმ ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც ქვეყანაში კორუფციულ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემის კლანურობას ამხელენ. ასევე, ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას.

პარტია „ლელოში“  კანონის არაქართულობის ხაზგასასმელად მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს ასახელებენ. გენო თებიძე ამბობს, რომ დოკუმენტი დემოკრატიულ პროცესებს შეაფერხებს და თავისუფალ სიტყვას ჩაახშობს.

პარტიაში „საქართველოსთვის“მიაჩანით, რომ დოკუმენტი ზუსტად იმეორებს რუსული კანონის სტილს და დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ არის მიმართული, ახდენს  სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზირებას და ერთ სიბრტყეზე აყენებს აგრესორ რუსეთსა და დასავლეთს. აკაკი გვიანიაძის  აზრით, ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი, რომკანონი რუსული არ არის, არის ის, რომ დოკუმენტი ქართული ასოებით არის დაწერილი.

პარტიაში „გირჩი მეტი - თავისუფლება“ მიაჩნიათ, რომ  დოკუმენტის რუსულობაზე საუბრისას, აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ დოკუმენტი მეორედ დააინიცირეს, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ხალხის მოტყუებას ნიშნავდა. თემურ გორგაძე ამბობს, რომ პირველ რიგში ეს ქმედებაა რუსული.

საკუთარი არგუმენტებისთვის დრო შევთავაზეთ მმართველ გუნდს. იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელეები და მაღალი თანამდებობის პირები, სოციალურ ქსელში  ამ მიმართულებით აქტიურ კამპანიას ეწევიან, დღეს ჩვენი კამერების წინ საუბარი არ ისურვეს. 

მეტის ნახვა