"რუსული კანონი" დაარეგისტრირეს - ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები

ქართული ოცნების რუსულ კანონსა და მიმდინარე პროცესებს აფასებენ ოპოზიციაში. ადგილობრივი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დოკუმენტის მიზანი, თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თუ კი კანონს მიიღებენ, საქმე შესაძლოა იქამდეც მივიდეს, რომ საქართველო ევროპულ გზას ასცდეს.

პარტიაში საქართველოსთვის მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების რეინიცირებული დოკუმენტი ქართველი ხალხის არჩევანს ეწინააღმდეგება. რატომ არის კანონი რუსული, გახარიას პარტიაში ასე გვპასუხობენ.

ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა იმ უფსკრულში დააბრუნოს, საითაც რუსეთი მუდმივად მიგვაქანებდა - ასე ფიქრობენ „ლელოში“. აქ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი  და რეინიცირებული კანონი ღარიბაშვილისა და კობახიძის გავლენების დასამტკიცებლად გამოცდაა.

პარტია „ახალში“ ფიქრობენ, რომ ორგანიზაციები გამჭვირვალობის პრინციპებს ისედაც აკმაყოფილებენ და რუსული კანონის ანალოგი „ოცნების“ გუნდმა წინასაარჩევნოდ დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გასაჩუმებლად დააბრუნა. მამუკა ქობულაძე ამბობს, რომ გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც ევროპული მომავლისთვის შარშან მარტში პარლამენტის წინ რუსეთს ებრძოდნენ, არსად არ წასულან და მათი მონაპოვარის განადგურების უფლებას ოცნებას არ მისცემენ. 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ რუსული კანონის შემობრუნება ივანიშვილის გუნდს არეულობისთვის სჭირდება. ნიკა  ქაშიბაძის თქმით, „ოცნებას“ ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და იმ გზის ჩახერგვას ცდილობს, რომელმაც ევროპამდე უნდა მიგვიყვანოს. ქაშიბაძე, ლაზარე გრიგორიადისის საკითხსაც ეხმაურება და ამბობს, რომ იგი პოლიტპატიმარია, რომლის თავისუფლებისთვის ბრძოლა პრინციპის საკითხია.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დაფინანსებაც უცხოეთიდან 20%-ს აღემატება, ყოველწლიურად დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება. პარტიები ერთხმად თანხმდებიან, რომ მისი დამტკიცება მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი სამუდამოდ დაასამარებს.

მეტის ნახვა