2025 წლის ბოლომდე, მოსახლეობის 70%-ს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება - ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე

2025 წლის ბოლოსთვის 1 მილიონ ადამიანზე მეტს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ქვეყნის მასშტაბით უკვე ნიშნავს, რომ მოსახლეობის 70%-ს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, 2030 წლის ბოლოსთვის ქვეყნის 100% მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

დამატებით, 2022 წელს 350 მილიონი ლარის პროექტები დაიწყება, რომლებიც პრემიერის ინიცირებული პროექტის - განვადებით მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება.

მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესების მიზნით, პარალელურად, გაგრძელდება და დაიწყება ახალი პროექტები დაბებში, სოფლებსა და კურორტებში, რის შედეგადაც 2030 წლის ბოლოსთვის საქართველოს სრულ მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე წვდომა ექნება.

„ჩამდინარე წყლებით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გამწმენდი ნაგებობები ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში წარმატებით ავაშენეთ. ასევე, გუდაურსა და მარნეულში გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობის, პროცესი დაწყებულია და ბაკურიანის, ჭიათურის, ხაშურის, ქუთაისის, გურჯაანის, სიღნაღის, წნორის მდებარეობებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ამოცანის მისაღწევად, 10 წლის განმავლობაში, 9.2 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, საიდანაც 2,5 მილიარდი პროექტები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის ისტორიულ პროექტზე სამუშაოები დაიწყება.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, 20 კმ მაგისტრალისა და 200 კმ გამანაწილებელი ქსელის გაფართოება-რეაბილიტაცია და დაახლოებით, 44 კმ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოება იგეგმება.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამჟამად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შედეგად, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება 260 მილიონი ლარია.

მეტის ნახვა