ახალი ამბები • 1748004300
ბათუმს მინერვა აღარ ჰყავს
ბათუმს მეტსახელად „ცაცო“, იგივე მინერვა ფუტკარაძე აღარ ჰყავს. ქალაქის კოლორიტი გუშინ გარდაიცვალა. ის ყველამ იცოდა, ყველას უყვარდა და ახლა, ყველა მისი ჭირისუფალია. მინერვა პროფესიით მსახიობი იყო. ზაზა ხალვაშის ფილმ “სოლომონში” ეპიზოდურ როლს ასრულებდა, თუმცა აუხდებელ ოცნებად დარჩა - გამხდარიყო აღიარებული. მომდევნო რეპორტაჟში ყველა იმ ფაქტს მოვუყარეთ თავი, რის შესახებაც აქამდე არ იცოდით. მინერვას მრავალფეროვანი, თუმცა ამავდროულად მძიმე ცხოვრების შესახებ, თეო ფუტკარაძე გიამბბობთ.
ეს, ბათუმის დრამატული თეატრია, ადგილი, სადაც, მინერვა ფუტკარაძემ სიცოცხლის უდიდესი ნაწილი გაატარა. მსახიობობაზე მეოცნებე ქალი, ყველაზე მეტად, თეატრსა და კინოზე იყო შეყვარებული. მიუხედავად უდიდესი სურვილისა, მისი სამსახიობო ნიჭი ბოლომდე ვერ გამოავლინა. არასოდეს ტოვებდა სპეკტაკლსა და პრემიერას. მას ძალიან ახარებდა, ის, რომ ზაზა ხალვაშის ფილმ „სოლომონში“ ეპიზოდური როლი შეასრულა. მსახიობები ამბობენ, რომ რეჟისორმა, მისი უკანასკნელი ფილმით, კოლორიტი ქალის ხსოვნაც შემოგვინახა.
ქალაქის კოლორიტს ყველა იცნობდა. განსაკუთრებით ახლობლობდა მათთან, ვინც სცენის მტვერის გემო კარგად იცოდა. სიამოვნებდა, მსახიობების გარშემო ყოფნა. მისი სურვილიც თეატრში მოღვაწეობა იყო.
სიყვარულითა და სინანულით საუბრობენ მსახიობები კოლორიტ ქალზე. ამბობენ, რომ მისი სცენისა და კამერების მიმართ სიყვარული, მსახიობური ნიჭის ბოლომდე რეალიზებას იმსახურებდა.
გარდა ხელოვანი ადამაინებისა მინერვას, ქალაქში, თითქმის, ყველა სცნობდა. ბათუმის ქუჩებში სეირნობისას, იგი, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ. ადამიანების გონებაში რჩებოდა, როგორც „ლამაზი ქალი“. მოქალაქეები გულწრფელად კითხულობდნენ და ესაუბრებოდნენ მას. აღსანიშნავია, რომ „ცაცოს“, თითქმის ყველა იცნობდა, თუმცა, მისი ცხოვრების, მძიმე დეტალები ბევრისთვის უცნობი იყო.
ცაცოს განათლება რამდენიმე მიმართულებით ჰქონდა მიღებული. იგი ბათუმის ხელოვნებისა და თბილისის თეატრალურ ინსტიტუტებში, სწავლობდა. გარდა ამისა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტიც დაამთავრა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტშიც. მსახიობობაზე მეოცნებე ქალი, ლექსებსაც წერდა. მეგობრებს თავად უკითხავდა ან სოციალურ ქსელში აქვეყნებდა.
თეატრში მოღვაწეობის სურვილი ვერ აიხდინა, თუმცა, მცირე დროით მუშაობდა მედიაში. სიცოცხლის ბოლო წლებში, ჩაქვში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში, შვილთან ერთად. ბათუმის კოლორიტი, მინერვა ფუტკარაძე, 53 წლის ასაკში, ჯანმრთელობის გართულებული პრობლემებით გარდაიცვალა.

1746602495

1739131407