ბათუმში, აქციაზე მოქალაქე შეუძლოდ გახდა

ბათუმში, აქციაზე მოქალაქე შეუძლოდ გახდა. მიზეზი ისაა, რომ შუახნის ქალის შვილი პოლიციამ დააკავა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, სადაც სოციალურად დაუცველებმა და იპოთეკით დაზარალებულებმა გზა გადაკეტეს.

ისინი აჭარის მთავრობის სახლთან იყვნენ შეკრებილები და აქციას მართავდნენ. მოქალაქეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, შეკრებილები მსვლელობით ცენტრალური გზისკენ დაიძრნენ და სავალი ნაწილი გადაკეტეს.

ფაქტმა პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. სწორედ ამ დროს დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქე. როგორც დაკავებულის დედამ თქვა, მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, აქვს ეპილეფსია და შესაძლოა, მისი მდგომარეობა დამძიმდეს.

დედა შვილთან შესვლის ნებართვას და მის გათავისუფლებას ითხოვდა. უარის შემდეგ კი, ის შეუძლოდ გახდა. ქალს სასწრაფოს ჯგუფმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

შეგახსენებთ, აქცია მთავრობის სახლთან 15:30 საათზე დაიწყო და ისევ გრძელდება.

მეტის ნახვა