ახალი ამბები • 1730812301
განათლების ხარისხის ცენტრს თანამშრომლები ტოვებენ | რა განცხადება გაავრცელა ცენტრმა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ სტუდენტების გაფიცვასა და უნივერსიტეტების ნაწილში სასწავლო პროცესის შეჩერებას ეხმაურება. ცენტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან, უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით.
საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრული სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მისმა შეჩერებამ ან გადაწევამ საფრთხე არ შეუქმნას საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების, სტუდენტების კანონიერი ინტერესების შელახვას.
არსებული სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუციაში მიმდინარე ძირითადი პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, ასევე, მათი სრულად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების საშუალებებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა" - წერია განცხადებაში
ამ განცხადების შემდეგ მათთან თანამშრომლობა 2-მა ექსპერტმა - ნინო დოლიძემ და გიორგი ოდოშაშვილმა შეწყვიტა. გარდა ამისა, ცენტრის ამ განცხადებას აზიარებს 10-მდე მოქმედი თანამშრომელი, რომლებიც წერენ, რომ "კატეგორიულად ემიჯნებიან აღნიშნულ განცხადებას".
1726854943
1726726009