ხმაური ბათუმში, თევზის ბაზართან - რატომ არ უშვებდნენ ტერიტორიაზე დისტრიბუტორებს | მხარეთა პოზიციები

ხმაური იყო დღეს დილიდან თევზის ბაზართან. ობიექტზე ზღვის პროდუქტების მიმწოდებლებს არ უშვებდნენ, რამაც იქ დასაქმებულების პროტესტი გამოიწვია. მოვაჭრეები ხელს ახალი მეიჯარისკენ იშვერენ და ამბობენ,  რომ ის მონოპოლიის დამყარებას ცდილობს. თვითდასაქმებულების ბრალდებებს ეთანხმება მათი უფლებადამცველი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქმეში აჭარაში მოქმედი პოლიციის მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ.

ხმაური თევზის ბაზრობასთან დღეს დილიდან დაიწყო. მიზეზი კი ის გახდა, რომ  მოვაჭრეებთან ზღვის პროდუქტების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს არ უშვებდნენ. თვითდასაქმებულები ხელს ახალი მეიჯარისკენ იშვერენ. ამბობენ, რომ რამაზ ცეცხლაძემ მათ კატეგორიულად მოსთხოვა, თევზი მხოლოდ მისგან აეღოთ, ეს თავად ტერიტორიაზე მობილიზებულმა  დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დაგვიდასტურეს.

დისტრიბუტორებისთვის ჩაკეტილი შესასვლელის გამო დღეს ბაზრობაზე მყიდველის დეფიციტს უჩიოდნენ მოვაჭრეები.  მათი თქმით, შეფერხებულმა პროცესმა ზღვის პროდუქტის ხარისხზეც იმოქმედა.  ამბობენ, რომ ათეული წლების განმავლობაში მსგავს ფაქტს პირველად შეესწრნენ.  მიაჩნიათ, რომ კონკურენცია თანაბარი უნდა იყოს და არჩევანიც- თავისუფალი. აპროტესტებდნენ დირექტივას, რომელიც ახალი მეიჯარისგან მიიღეს: თევზი მხოლოდ მისგან ეყიდათ.

ახალი მოიჯარის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ მიმწოდებელ კომპანიებსაც.

ადგილზე იმყოფებოდა ადვოკატი ზაზა პაპიძე. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ახალ მეიჯარეს, მფარველობას აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები უწევენ. პაპიძე ამბობს, რომ რამაზ ცეცხლაძე მონოპოლიის დამყარებას სწორედ მისი კავშირებით ცდილობს.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ადრესატი. რამაზ ცეცხლაძის განცხადებით, გაჟღერებული ინფორმაცია მისი პოლიციის მაღალჩინოსნებთან კონტაქტების შესახებ ჭორია და პრეტენზიები უსაფუძვლო. ცეცხლაძის თქმით, ის მხოლოდ ობიექტის კეთილმოწყობას  და იქ არსებული მძიმე სურათის შეცვლას ცდილობს. თუმცა, რა ხელს უშლის მიმწოდებელი კომპანიების მრავალფეროვნება თევზის ბაზრის მოწესრიგებას? პასუხი ვერ მივიღეთ.

მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე TV 25-ის გადამღები ჯგუფი გამოჩნდა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, დისტრიბუტორები, შენობაში რამაზ ცეცხლაძესთან სატელეფონო კონტაქტის შემდეგ მალევე  შეუშვეს.

თვითდასაქმებულები და მიმწოდებლები ამბობენ, რომ თუ მსგავს შემთხვევას ადგილი კიდევ ექნება, სამეწარმეო საქმიანობის ხელის შეშლაზე შესაბამის უწყებებს მიმართავენ.

მეტის ნახვა