კვების ობიექტები ვალდებულები იქნებიან, მენიუში ფასი გადასახადების ჩათვლით მიუთითონ

მენიუ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინეს.

შედეგად, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - "მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი".

სააგენტოს განცხადებით, სტანდარტი დაადგენს შპს "ლიმონი 2009"-ის (რესტორანი - რესპუბლიკა) საქმის შესწავლის პროცესში, სადაც მოვაჭრემ სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

"კერძოდ, "მომხმარებლის უფლებების დაცვის" კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც შეასრულა", - წერია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციითვე, 2024 წლის იანვარში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე - 13 შეთანხმება გაფორმდა.

მეტის ნახვა