ლეღვა, წყავროკა, მუხაესტატე - ეს ქობულეთის ის სოფლებია, სადაც მილებში ბუნებრივი აირი ვერ გაუშვეს

ლეღვა, წყავროკა, მუხაესტატე - ეს ქობულეთის ის სოფლებია, სადაც გაზის დაქსელვითი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა აბონენტები კომუნალური სერვისით მაინც ვერ სარგებლობენ. ადგლობრივებმა,  ბოლო დაპირება თვითმმართველობის არჩევნებამდე მიიღეს და ამ პირობის მიხედვით, აირი, უკვე სექტემბერში უნდა ჰქონოდათ, თუმცა ოჯახები დღემდე შეშის ღუმელის ანაბარად არიან და რწმუნდებიან, რომ ხელისუფლება გაზიფიცირების თემით მანიპულირებდა და მხოლოდ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებდა, ფიქრობენ, რომ ასე იქნება მანამ, ვიდრე პროცესის გაჭიანურებას შეძლებენ.

სოფელ მუხაესტატეში, შეშის ჩეხვის ხმას ყველგან გაიგონებთ. ეს ბუნებრივია, რადგან სოფელს გაზი არ მიეწოდება. ის რაც ადგილობრივთა გულისწყრომას იწვევს, გაზმომარაგების გაჭიანურებული პროცესია. მოსახლეობა ლოდინით დაიღალა. მათ, მოსწყინდათ დაპირებების მოსმენაც. ამბობენ, რომ მილები ორი წლის წინ გაიყვანეს, ბუნებრივ აირს კი მაინც არავინ რთავს.

მუხაისტატე ერთადერთი სოფელი არაა ქობულეთში, სადაც დაქსელვის მიუხედავად, გაზმომარაგება არ ხდება. ბუნებრივი აირის ჩართვას ამაოდ ელოდებიან მაგალითად წყავროკაში, ლეღვაში, ალამბარში, ციტრუსების მეურნეობაში, სულ, 15-მდე სოფელში.

ხმების სანაცვლოდ მიღებული პირველი დაპირება საპარლამენტო არჩევნების წინ ახსოვთ, შემდეგი კი, უკვე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ. შედეგი არ ჩანს, ამიტომ, ადამიანები რწმუნდებიან, რომ ხელისუფლება გაზიფიცირების თემით, მხოლოდ, მანიპულირებს და ასე მანამდე გაგრძელდება, სანამ პროცესის გაჭიანურებას შეძლებენ.

ქობულეთის 15 სოფელში, ბოლო ორ წელში, გაზის მილები, საქართველოს ეკონომიკის სამინსიტროს დაკვეთით, „გაზის ტრანსპორტირების სააგენტომ“ დაქსელა. აქ ამბობენ, რომ სამუშაოები ვადების დაცვით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, ეტაპობრივად ჩააბარეს. გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ჯერი ახლა ქონების მართვის სააგენტოზეა. მან ქსელი, ლიცენზიის მქონე კომპანიას უნდა გადასცეს. მისთვის გაუგებარია, რატომ ელოდნენ ადგილობრივები გაზის ჩართვას დასახელებულ ვადებში.

ქობულეთის მერია, პასუხისმგებლობას ირიდებს. აქ ამბობენ, რომ პროექტის განმახორციელებლი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა. უწყებას არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება სურს დაპირებებზე, რომელსაც წინასაარჩევნო შეხვედრებზე, მოსახლეობას, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ამ ნაწილში აძლევდნენ.. 

მეტის ნახვა