ახალი ამბები • 1752475579
“ძლიერი საქართველო” და პარტია “საქართველოსთვის” თვითმმართველობის არჩევნებზე ითანამშრომლებენ

“ძლიერი საქართველო” და პარტია “საქართველოსთვის” თვითმმართველობის არჩევნებზე ითანამშრომლებენ. მემორანდუმს ხელი ირაკლი კუპრაძემ და ბერდია სიჭინავამ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, "ძლიერი საქართველო" და პარტია "საქართველოსთვის" მუნიციპალურ არჩევნებზე საერთო ნეიტრალურ ან პარტიულ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.
დოკუმენტზე ხელისმოწერას არ ესწრებოდნენ პარტიების ლიდერები. "ძლიერი საქართველოს" დამფუძნებლები ციხეში არიან, ხოლო გიორგი გახარია უცხოეთში იმყოფება.
„დღეს ჩვენ და ჩვენი ქვეყანა იმყოფება რთულ ვითარებაში, სადაც ე.წ. ხელისუფალმა, არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ“, რუსულმა რეჟიმმა გააღატაკა ქართველი ხალხი; რუსულმა რეჟიმმა უღალატა საქართველოს მოქალაქეებს; რუსულმა რეჟიმმა გაძარცვა, დააპატიმრა, საჯარო უწყებებიდან გაათავისუფლა ათასობით ადამიანი, პროფესიონალი დიპლომატები, პედაგოგები, გამორჩეული მოქალაქეები და საჯარო მოხელეები. ამ ვითარებაში, როცა მიმდინარეობს საქართველოს ბიუჯეტის ძარცვა, რუსული რეჟიმი, როგორც სინდიკატი, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ყოველდღიურად ატარებს სპეცოპერაციას. უნდა არსებობდეს ვინმე, პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც შეებრძოლებიან ივანიშვილს ყველა ველზე. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი კოლეგების განსხვავებულ პოზიციებს სხვადასხვა სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არანაირ ბრალდებას და არ შევდივართ კინკლაობაში, ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზის გამო - 4 ოქტომბრის შემდეგაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე. დღეს ჩვენ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე შევთანხმდით. ეს თანამშრომლობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ. ეს მემორანდუმი და დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ახლა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხელი მოვაწერეთ, ასახავს სწორედ თქვენს დაკვეთას, რომ კოორდინირებულად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე და კონკურენციის გამორიცხვით ვაპირებთ ბრძოლას ყველა ველზე. მათ შორის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეების მთავარი საჭიროების შესახებ საუბარი, ბრძოლა, წინააღმდეგობაში შესვლა ივანიშვილთან, მისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭება და დაკოჭლება მათ შორის საკრებულოების დონეზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვაცხადებთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი. ვისაც გერჩით გული და გინდათ, რომ აქტიურ წინააღმდეგობაში იყოთ რუსულ რეჟიმთან, გეპატიჟებით, შემოგვიერთდით ამ კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფორმატში. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ არაპარტიულ კანდიდატებს მერებად, მაჟორიტარებად ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. მზად ვართ, რომ ჩვენი რესურსები მოვახმაროთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.
დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება ისტორიული. დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, კომპრომისული დოკუმენტია, საკუთარ თავში მოიცავს ქართველი ხალხის დაკვეთას. არ გვეშინია მიუხედავად იმისა, რა ტიპის წნეხი, მუქარა შეიძლება წამოვიდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ვიცით, რომ მოქალაქეებთან შეხვედრაზე ქვებით დაგხვდება ივანიშვილის რუსული რეჟიმი, მაგრამ ჩვენ დავახვედრებთ მათ მუშტს. ჩვეულებრივ პროცესში ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების თავისუფლებას. ჩვენი პარტიის პოლიტიკური ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროდანაც აგრძელებენ ბრძოლას. ჩვენი გუნდი მზად ვართ იმისთვის, რომ ყველა ტიპის წინააღმდეგობას გავუძლოთ და რუსული რეჟიმის ცვლილებაში შევიტანოთ მთავარი წვლილი“ - განაცხადა "ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

1745312322