მარტოხელა დედა პატარა ფიცრულში სამ მცირეწლოვანთან ერთად - თამილა მახარაძის მძიმე ყოველდღიურობა

მარტოხელა დედის მძიმე ყოველდღიურობა, რომელიც სამ შვილთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. გიზიარებთ ამბავს 31 წლის ქალის უკიდურეს გაჭირვებაზე, რომელიც ე.წ ოცნების ქალაქში გადარჩენისთვის იბრძვის. სოციალური დახმარების და მეზობლების იმედად დარჩენილებზე რეპორტაჟი სალომე უსტალიშვილმა მოამზადა. 

მარტოხელა დედის ყოველი დილა, ნერვიულობითა და იმაზე ფიქრით იწყება, როგორ აუხსნას შვილებს, თუ რატომ ვერ ყიდულობს მათთვის საკვებს. თამილა მახარაძე ამ პატარა ფიცრულში გოჩასთან, ბექასთან და მათესთან ერთად ცხოვრობს. მძიმე ყოველდღიურობას თვალშისაცემი სივიწროვე ამძიმებს. აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია განლაგებული:  სამზარეულო, მისაღები, საძინებელი და სააბაზანოც კი.

შვილების ოცნება მხოლოდ, გემრიელ საკვებთან და ტკბილეულთან არ ასოცირდება. მოზარდებს  სკოლაში წასასვლელად, არც ტანსაცმელი და არც საკანცელარიო ნივთები აქვთ. თამილა მახარაძე გვიყვება, რომ ბავშვებს ის აცვიათ, რასაც მეზობლები და ახლობლები სჩუქნიან.

მარტოხელა ქალმა, სამი შვილით ხელში, სხვა გამოსავალი რომ ვერ იპოვა, „ოცნების ქალაქში“ ფიცრული ჩადგა. ამბობს, რომ მისი ყოველდღიურობა, გადარჩენისთვის ბრძოლაა.

მარტოხელა დედა ვერც მუშაობას ახერხებს, რადგან შვილების აღზრდის პროცესში დამხმარე არ ჰყავს.  უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.  თუ კი, გსურთ ფიანნსური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ, დარეკეთ ნომერზე: 555 56 61 17.

მეტის ნახვა