ახალი ამბები • 1740209320
რა იყო მთავარი? - 2022 წლის მოვლენების ქრონოლოგია
დროა შევაჯამოთ 2022 წელი. გასული წლების მსგავსად მიმდინარე წელიც დატვირთული საინტერესო და მძაფრი იყო. ქვეყნის მთავარი გამოწვევა, რომელიც დღემდე გრძელდება, მესამე პრეზიდენტის პატიმრობაა. თან გვდევს პოლიტიკური პოლარიზაციაც. გამოწვევად კვლავ რჩება უმუშევრობა, სიღარიბე. პროდუქტსა და მედიკამენტებზე ფასების კოლოსალური ზრდა. 2022 წელი ყველას გონებაში ომის ეპიზოდით დაილექება. პუტინის აგრესია მეგობარ ქვეყანაში, რომელიც 11 თვეა გრძელდება და დასასრული დღემდე არ უჩანს. უფრო ვრცლად რა იყო მთავარი წლის განმავლობაში? არქივს თვალი ნინია მესხიძემ, უჩა კოპლაძესთან ერთად გადაავლო.
ერთ-ერთი პირველი, რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი იყო. ე.წ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლით პატიმრობა განუსაზღვრა, თუმცა მოსამართლემ წაყენებული ბრალდება შეცვალა და ხანდაზმულობის გამო, სასჯელისგან სამივე გაათავისუფლა.
კორონავირუსის გარეშე არც 2022 წელს არ ჩაუვლია. წლის დასაწყისში კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი საგრძნობლად იზრდებოდა. იზრდებოდა „ომიკრონის“ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაც.
22 თებერვალს მსოფლიო ყურადღების ქვეშ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები მოექცა, სადაც რუსეთმა ჯარის შეყვანა დაიწყო. ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კი "მშვიდობის უზრუნველყოფის" ბრძანება მისცა. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, 24 თებერვალს, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყეს. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
დაახლოებით დილის 5 საათისთვის, უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან დაესხნენ. რუსი სამხედროები ერთდროულად ბომბავდნენ ხარკოვს, ოდესასა და უკრაინის ოკოპირებულ ტერიტორიებს. ცეცხლი გახსნეს დედაქალაქ კიევშიც. თავდასხმა მოხდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდანაც. არსებული საომარი მდგომარეობის გამო, უკრაინამ საჰაერო სივრცე დახურა. გამოცხადდა კომენდანტის საათი. შეწყდა სასწავლო პროცესი.
მყისიერი პასუხი მოჰყვა რუსეთის აგრესიას საერთაშორისო საზოგადოებისგან. მსოფლიო ლიდერებმა ოკუპანტი ქვეყნის მიმართ სანქციების პაკეტები აამოქმედეს. ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწიეს ფრონტის ხაზზე მყოფ ქვეყანას. რეკორდულად გაუფასურდა რუსული რუბლი და 2016 წლის შემდეგ ყველა დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამ ყველაფრის ფონზე კი, ომის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
უკრაინაზე რუსული საოკუპაციო ძალების ბარბაროსული თავდასხმის ფონზე, „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ხელისუფლებამ მოსკოვისთვის არც საჰაერო სივრცე დაკეტა. უფრო მეტიც, მმართველმა გუნდმა ქართველ მოხალისეებს უკრაინაში გამგზავრებაზე უარი უთხრა. სწორედ ამიტომ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ზელენსკის კრიტიკის შემდეგ, მთავრობამ ჩამოთვალა, რა გაუკეთა მეგობარ ქვეყანას. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დასახელებული გადადგმული ნაბიჯების პუნქტები სულ 6-მდე აღწევდა და მათ შორის სტადიონების განათება, ასევე, პრეზიდენტის სასახლეზე დროშების გადმოფენა იყო ნახსენები.
მიმდინარე წელს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი „ოცნების“ ხელისუფლებამაც გააკეთა. არადა მმართველი გუნდი ამ ნაბიჯის გადადგმას 2024 წლისთვის აანონსებდა. გადაწყვეტილება იმდროინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ახსნეს.
მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის წლიური მოხსენება კრიტიკული განცხადებების ფონზე. სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან ხელისუფლებას ფორმალურად დაუპირისპირდა. ქვეყნის მთავარსარდალმა პირველივე წინადადებაში ახსენა რუსეთი და მისი აგრესია. უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით კი, მმართველი გუნდის პოზიცია ღიად გააკრიტიკა. თქვა, რომ „ქართული ოცნება“ სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. საპასუხოდ, მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავა დაიწყო.
უკრაინაში მიმდინარე პუტინის აგრესიის ფონზე, საქართველოს საზღვრები ღია დარჩა რუსებისთვის. ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მასობრივი ჩამოდინება თვეები მანძილზე გრძელდებოდა. ვნახეთ რიგები ლარსის საბაჟო გამშვებ პუნტზე. კვლევების თანახმად, გასულ საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, რაც ძირითადად, ფულადი გზავნილების ნახტომისებურმა მატებამ განაპირობა.
24 მარტს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ევროპულმა სასამართლომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ცხინვალის მოსახლეობის მიერ წარდგენილი 370 ინდივიდუალური საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები იმაზე, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი რუსეთის მხრიდან იბომბებოდა.
შემდეგი იყო ბათუმის შუალედური არჩევნები. ერთმანეთს 2 კანდიდატი უპირისპირდებოდა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე, „ქართული ოცნებიდან“ კი რამაზ ჯინჭარაძე. კენჭისყრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
მიუხედავად გამარჯვებისა, მმართველ გუნდს ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა არ ჰქონდა. „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები 17-17-ზე იყვნენ. ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობას კი, 18 ხმა სჭირდებოდა. თითქმის 1 თვის შემდეგ, საზოგადოებამ პარტიების ინტერესებზე მორგებით შეცვლილი კანონი და საკრებულოსთვის ჩამორთმეული უფლებამოსილება იხილა - რამაზ ჯინჭარაძე დეპუტატი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილების ცნობის გარეშე გახდა. საბოლოოდ, შეთანხმებაც შედგა და ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ბათუმის საკრებულო შეიკრიბა.
16 მაისს დააკავეს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი. ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით შეუფარდეს. პროკურატურა დაკავებულს ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
31 მაისს დააკავეს ცნობილი თურქი ბინესმენი. გალიფ ოზთურქს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარუდგინა. ოზთურქი დღემდე პატიმრობაში რჩება. ადვოკატების ცნობით, მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს და გადაადგილებაც უჭირს.
შემდეგი იყო ევროკავშირის უარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის წევრების თქმით, ჩვენმა ქვეყანამ ამისთვის 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს. ევროკავშირი საქართველოსგან ინსტიტუციურ გაძლიერებას, ანგარიშვალდებულების გაზრდას, მართლმსაჯულების რეფორმას, პოლიტიკურ პოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციასა და მედიის დამოუკიდებლობას ხაზგასმით ითხოვს.
მიმდინარე წელს, TV25-მა სახელისუფლებო ტროლების სქემა გაშიფრა. აჭარიდან ოპოზიციის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის წევრების დისკრედიტაციის კამპანიაში ბსუ-ს სტუდენტები იყვნენ ჩართულები. თვითმმართველობის წევრები ამავე გაერთიანების თავმჯდომარის, ლიკა დიასამიძისა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, რიჩარდ სირაბიძის მითითებებს ასრულებდნენ. გაცემული დავალებების შესრულების მტკიცებულებებს სტუდენტები დღის ბოლოს, „დამკვეთებს“, სქრინების სახით უბრუნებდნენ.
5 ივლისს, გაათავისუფლეს ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი. იგი სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა. ყოფილი მაღალჩინოსანი „იაფი სახლის“ საქმის გამო დააკავეს. მას მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ.
შემდეგი იყო გუდაურის ტრაგედია - ვერტმფრენი, რომელიც სამაშველო ოპერაციას ასრულებდა, თეთრი არაგვის ხეობაში ჩამოვარდა და აფეთქდა. შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
20 სექტემბერს, ვნახეთ მორიგი თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“. შეიარაღებული პირი ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიჭრა და 12 პირი მძევლად აიყვანა. სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბოროტმოქმედი შენობაში თითქმის 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვდა. მას სხეულზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. საბოლოოდ, სპეცოპერაცია ყველა მძევლის გათავისუფლებითა და დამნაშავე გრიგოლ ნარსიას დაკავებით დასრულდა.
ტრაგიკული იყო 13 ოქტომბრის დღე. ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში მდებარე შადრევანში 3 ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. მოზარდები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი მცირეწლოვნის, 13 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარიდან 5 დღის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 პირი დააკავა.
დატბორვის გარეშე არც მიმდინარე წელს ჩაუვლია. ბათუმური წვიმის შედეგად, სანიაღვრე არხებში წყლის ნატანი დაგროვდა და მილებში გაიჭედა. ნალექის შედეგად, დაიტბორა მახინჯაური, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
3 ნოემბერს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტები. სასამართლომ საქართველოს მთავრობას დეკანოზისთვის 9 ათას 418 ლარის გადახდა დააკისრა.
8 დეკემბერს, უფლებამოსილება შეუწყდა ნინო ლომჯარიას. ქვეყანა ამ დრომდე სახალხო დამცველის გარეშეა. ომბუდსმენობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.
ყურადღების ეპიცენტრში მოექცა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები. 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის მონაკვეთში დათარიღებული მასალა მესამე პრეზიდენტის „ვივა მედში“ ყოფნის პერიოდს ასახავს. მომხდარიდან 1 კვირის თავზე, საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი უკვე საკუთარი თვალით იხილა, როცა სასამართლო პროცესს, დისტანციურად ჩაერთო.
22 დეკემბერს, პუტინის ომიდან თითქმის 10 თვის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის საზღვრებს გარეთ პირველად გავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა და აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში პირისპირ შეხვდა. ჯო ბაიდენმა ფრონტის ხაზზე მყოფი ქვეყნის ლიდერი „წლის ადამიანად“ დაასახელა.
და ბოლოს, კრიტიკის საგანი გახდა ბათუმის ნაძვის ხე. მილიონ ლარად შეძენილი ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ისეთი არ ჩამოვიდა, როგორიც ხალხმა შეუკვეთა. საზეიმო ანთების ცერემონიამ კი წინა წლებისგან განსხვავებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გარეშე ჩაიარა. საზოგადოების მიერ დაწუნებული ნაძვის ხის ფოტოები თორნიკე რიჟვაძემ არც პირად გვერდზე ატვირთა.

1728455482