თბილისში პოლიტიკური მოძრაობა - "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დაფუძნდა

მოძრაობა

თბილისში პოლიტიკური მოძრაობა - "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დაფუძნდა. დამფუძნებლების თქმით, მოძრაობა სხვადასხვა ინტერესებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებს, "რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიაა".

მისი წევრები არიან ვახუშტი მენაბდე, ელენე ფასური, ლევან ლორთქიფანიძე და სხვები.

მოძრაობის წარდგენა ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე მის ძეგლთან გაიმართა.

მოძრაობას, ჯერჯერობით, 100-ზე მეტი წევრი ჰყავს, თუმცა, მათი თქმით, ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც მათ იდეებს ეთანხმება და იზიარებს.

"გასულ კვირებში გავრცელდა ჭორი, რომ წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანები, მემარცხენეებად რომ მოიხსენიებთ ხოლმე, რაღაცას აპირებენ. თქვენ იცით, სად არიან მემარცხენეები, ჩვენ ვართ წინააღმდეგობის ნაწილი და ვართ იქ, სადაც ხალხს სჭირდება. დღეს ვართ აქ იმიტომ, რომ გითხრათ - ეს ჭორი არის სიმართლე. 130 წლის წინ გურიაში ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოტანა და დღეს ჩვენ, 130 წლის შემდეგ, 17 თებერვალს, ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე ,მის ბიუსტთან შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გითხრათ - აქ ვართ, ერთად ვართ და ჩვენი სახელია "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის".- თქვა ვახუშტი მენაბდემ.

მეტის ნახვა