ახალი ამბები • 1769693544
ბათუმში ერთ-ერთ კომპანიას ქონებას იძულებით ჩამოართმევენ
ბათუმის შემოვლითი გზის, სარფის მონაკვეთის მშენებლობის გამო, ბათუმში ერთ-ერთ კომპანიას ქონებას იძულებით ჩამოართმევენ.
კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-70 საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი გზის-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, რაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად უნდა ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ უძრავ ქონებაზე.
რომელ კომპანიას ჩამოართმევენ მიწის ნაკვეთს?
შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) დაექვემდებარა:
შპს „ორბი ბეტონის“ საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, კოწია ერისთავის ქუჩა №16-ში მდებარე 16426 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 78 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული ღობე და ჭიშკარი.
"ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება", - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.






















