რა საკითხები განიხილეს აჭარის მთავრობის სხდომაზე

ტურიზმი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა - ამ და სხვა თემებზე გამახვილდა ყურადღება დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თორნიკე რიჟვაძემ სხვადასხვა მიმართულებით წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

ომის შედეგად დაღუპული ოჯახებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება  გაიზარდა. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ფინანსური წახალისება 1000 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდება, ხოლო აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა მეომრების ოჯახებს - თითოეულს 10 ათასი  ლარის ოდენობით.

მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, ჯანდაცვის პროგრამებზეც ისაუბრა. კერძოდ: აჭარის მთავრობა შშმ პირების და მათი მშობლების, ძალადობის მსხვერპლი და სხვა საჭიროების მქონე პირების სოციალური დახმარების მნიშვნელოვან ზრდას და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას გეგმავს. გაიზარდა უშვილობის პროგრამის ბიუჯეტი. შშმ პირები 25 წლამდე ისარგებლებენ სრულად უფასო სამედიცინო მომსახურებით, გაორმაგდება, ძალადობის მსხვერპლი პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა. 

მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე. რეგიონის 317 სოფელში განხორციელდება ისეთი სამუშაოები როგორიცაა, სასმელი წყლის, სარწყავი სისტემის, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, აშენდება ახალი წისქვილები. ჯამში ამ მიმართულებით,  რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სხდომაზე საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარებასაც. რიჟვაძის თქმით, გაგრძელდება რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გასულ წელს ვიზიტორების რიცხვი 4 მილიონს აჭარბებდა და ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. რეგიონის პირველი პირი ირწმუნება, რომ წარმატებული ტურისტული სეზონის ჩასატარებლად, ყველა უწყება აქტიურად იმუშავებს.

მეტის ნახვა