რუსეთმა ლარსის საზღვარი დახურა - რატომ?

ლარსი

რუსეთმა საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტის - ზემო ლარსის მიმართულებით მოძრაობა მთლიანად დახურა. როგორც რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, მიზეზი უამინდობაა, რის გამოც უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ გზა დაიკეტა მხოლოდ რუსეთიდან გამსვლელებისთვის „შემდეგ გაფრთხილებამდე“.

რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუარესებით და უსაფრთხო გადაადგილებით ახსნა. „ჩვენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციები გავითვალისწინეთ“ - აცხადებენ სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, იანვრის განმავლობაში ჩრდილო ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ვლადიკავკაზი-ლარსის დასახლების მონაკვეთზე ამინდის პირობებისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეზღუდვებს პერიოდულად აწესებდა, თუმცა ეს მხოლოდ დიდ ავტომობილებს შეეხებოდა.

ცნობისათვის, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 2022 წლის 21 სექტემბერს გამოცხადებული მობილიზაციის დაწყებიდან რუსებისთვის ქვეყნის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა.

მეტის ნახვა