ახალი ამბები • 1733231405
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა
ფოტო: ნინია მესხიძე
კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლითაც მმართველი გუნდი ხალხის წინააღმდეგ მიდის. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა და წარმოებაში არ მიიღო. გადაწყვეტილება სასამართლომ 29 ნოემბერს მიიღო, თუმცა დღეს გამოაქვეყნა.
"1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
4. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში, რომელიც პლენუმმა შემდეგი შემადგენლობით მიიღო:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. ცნობილი ხდება, რომ გიორგი კვერეჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. გადაწყვეტილება კი ამ მოსამართლეებმა მიიღეს: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვდა არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. იგივე შინაარსის სარჩელით მიმართა საკონსტიტუციოს 30-მა პოლიტიკოსმა. საკონსტიტუციომ სარჩელები გააერთიანა
1732779499
1728455482
1727447820