საპირფარეშოების სიმცირე - პრობლემა, რომელიც ბათუმს წლებია აწუხებს

საპირფარეშოების სიმცირე, ტურისტული ობიექტებიდან სიშორე და დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები - გიყვებით პრობლემაზე, რომელიც ბათუმს წლებია აწუხებს. არსებული და უცვლელი მდგომარეობა როგორც ვიზიტორებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის დღემდე დიდი დისკომფორტია. ჯამში, ბათუმში 5 საპირფარეშოა. მათი უმრავლესობა კი უფუნქციო ან სულაც მოუწესრიგებელია. არადა, ტურისტული სეზონის დაწყებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება. როგორც გაირკვა, ბულვარის ადმინისტრაცია წელს, მხოლოდ ერთი საპირფარეშოს დამატებას გეგმავს.

ეს რიგი ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ არსებულ საპირფარეშოსთანაა. ასეთ სიტუაციებს, ქალაქის ტერიტორიაზე, სველი წერტილის სიმცირე ქმნის. ახალ ბულვარში სულ 3 ჰიგიენის ოთახია. მთელი ქალაქის მასშტაბით კი, ხუთი. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა, წლების განმავლობაში, ვერ გადაიჭრა.

იმის გარდა, რომ სველი წერტილების სიმცირე,  მოქალაქეებს დისკომფორტს  უქმნის, ცალკე საკითხია, არსებული ობიექტების მდგომარეობა. მაგალითისთვის, ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარედ მდებარე სველი წერტილი ახალი კონსტრუქციაა, თუმცა მისი ფუნქციონირება თითქმის არავის ახსოვს.

ტურისტული ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე  საუბრობენ ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტები უკვე  არსებულის მოვლა- პატრონობასა და  ზედამხედველობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ზღვისპირა პარკში სველი წერტილების განთავსების ვალდებულება  ბულვარის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა. რამდენად საკმარისია უკვე არსებული რაოდენობა? კითხვაზე სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. პრესსამსახურმა მხოლოდ სიტყვიერად განმარტა, რომ რეკრეაციულ სივრცეში ახალი საპირფარეშოს მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სამუშაოები ითვალისწინებს როგორც მშენებლობა-მონტაჟს, ასევე ელექტრო, წყლისა და კანალიზაციის ქსელების მოწყობას, რაშიც 142 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, ჰიგიენის ოთახი გათვლილია შშმ პირებზე.

ადმინისტრაციაში ასევე გვითხრეს, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის მიხედვით სამი, თანამედროვე საპირფარეშოს მოწყობა იგეგმება. აქვე გვარწმუნებენ, რომ უკვე არსებული სველი წერტილების რეაბილიტაციაც განხორციელდა  და ისინი ფუნქციას მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე შეიძენენ.

მეტის ნახვა