ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოში. დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს, ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ გაშლილი ბანერების გამო დაუპირისპირდნენ. დარბაზში ისმოდა  გინება. იყო შეხლა-შემოხლა. დეპუტატები ერთმანეთს ნივთებსაც ესვრიდნენ.

გინება, შეურაცხყოფა, დამცირება, ბოთლების სროლა, ბანერებისა და ფურცლების ფრიალი - ეს ქობულეთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა იყო. „ქართული ოცნებისა“  და „ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა, წარმომადგენლობითი ორგანო დღეს ნამდვილ პოლიტიკურ რინგად გადააქციეს.

სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, საკუთარ განცხადებებში ე.წ. რუსული კანონი გააპროტესტეს და სპეციალური ბანერები გაშალეს. ფაქტს, მმართველი გუნდის მხრიდან აგრესია მოჰყვა. ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძე, ოპოზიციასთან პოლემიკაში შევიდა, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. საბოლოოდ გოგიტიძემ, თანაგუნდელების დახმარებით, ოპონენტები, სხდომათა დარბაზიდან გააძევა

დაპირისპირება ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრებს შორის, დერეფანში გაგრძელდა. ბონდო თედორაძე ამტკიცებდა, რომ მმართველმა გუნდმა მის თანაგუნდელებს სიტყვის თავისუფლება შეუზღუდეს.

კითხვებით მივმართეთ გიორგი გოგიტიძეს. მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ, საკუთარ საქციელზე ადეკვატური პასუხი მიიღო. გოგიტიძემ, ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებს გაქცევით უპასუხა.

ფაქტი შეაფასა პარტია საქართველოსთვის წევრმა. ია მესხიძის განცხადებით, ოპონენტების ქცევა სამარცხვინო იყო.

საკრებულოს თავმჯდომარე  ხელს ოპოზიციისკენ იშვერს. დავით მჭედლიშვილი ამბობს, რომ ოპონენტები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით არ ინტერესდებიან და სხდომათა დარბაზში მხოლოდ შოუს აწყობენ.

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დღეს 15 საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო არათანამდებობრივი დეპუტატის ხარჯების  წესის ანაზღაურება.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა, აიპ- ებისა და შპს-ების 2023 წლის სამუშაო ანგარიშიც მოისმინეს.

მეტის ნახვა