ახალი ამბები • 1754042485
სოფლებში ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი საქართველოს 34 მილიონი ევროთი დაეხმარება

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლების ინტერნეტით დაფარვისთვის, 34 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, სოფლად და შორეულ რაიონებში მცხოვრები, დაახლოებით, 500 000 ადამიანს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მიეწოდება.
ხელშეკრულება ევროკავშირმა საქართველოსთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გააფორმა.
სესხი დააფინანსებს, დაახლოებით, 5 000 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას და ინტერნეტ-კომუნიკაციების ინფრასტრუქტურაზე საქართველოში არსებული სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ღია წვდომას უზრუნველყოფს.
ევროკავშირის განცხადებით, ინვესტიცია გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს და გაზრდის საქართველოს მდგრადობას კრიზისის მიმართ.
ამასთან, პროექტი საქართველოსთვის განკუთვნილი 5 წამყვანი ინიციატივიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანას ციფრული უთანასწორობის შემცირებასა და პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება.

1745312322