ვინ აუნთო მწვანე შუქი რუსებს? - გამოკითხვა

თორნიკე რიჟვაძის ხმაურიან განცხადებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ვინ აუნთო მწვანე შუქი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს? „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ „ქართულმა ოცნებამ“? აზრი მოქალაქეებს ვკითხეთ. ფიქრობენ, რომ ფაქტი მხოლოდ ერთია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება არა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, არამედ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიწყო.

ახალგაზრდების შეფასებით, რუსებს მწვანე შუქი რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ აუნთო. ჩვენს მიერ გამოკითხული სტუდენტები ფიქრობენ, რომ ამის, ერთ-ერთი, ნათელი დასტური, ევროინტეგრაციის მოლოდინში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, რუსული კანონის დამტკიცების მცდელობაა. თუმცა, ოკუპანტებთან მებრძოლების ლაჩრად მოიხსენიებას, ჩვენი რესპონდენტები, ყოველგვარ ზღვარგადასულობად მიიჩნევენ.

საზოგადოება საუბრობს დისკომფორტზე, რომელიც რუსების მომრავლებით შეექმნათ. მოქალაქეები ამბობენ, რომ აუცილებელია, აგრესორებისთვის კონტროლი დაწესდეს, რაშიც ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავენ.

მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ მწვანე შუქი რუსებისთვის, წარსულშიც და ახლაც ხელისუფლებებმა აანთეს, საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება კი, არასდროს იყო ჩრდილოელ მეზობლებთან ურთიერთობებში განმსაზღვრელი. ქართველი ხალხის არჩევანი, ადრეც და ახლაც ევროპაა.

გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ  ოცნების ხელისუფლება რუსეთში კი არ მიგვაქანებს, არამედ, რუსეთს საქართველოში ქმნის. ოკუპანტები ქვეყანაში, არათუ ტურისტული მიზნებით, ბიზნესების ასაწყობად შემოდიან, ყიდულობენ მიწებს და ცდილობენ აქ დაიმკვიდრონ თავი, რაშიც საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს.

თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, რუსებს ყვავილებით და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდნენ. ამას, სააკაშვლის ხელისუფლების მხრიდან, რუსეთის მოქალაქეებისთვის, უვიზო რეჟიმის დაწესებაც დაამატა. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოცნების ხელისუფლებამ, რამდენიმე წლის წინ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმაღლესი სავარძელი,  რუს მაღალჩინოსანს, გავრილოვს დაუთმო. აქედან გამომდინარე მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსებს მწვანე შუქი, რეალურად, ოცნების ხელისუფლებამ დაუთმო.

მეტის ნახვა