Wizz Air-მა რამდენიმე მიმართულებით დაგეგმილი ფრენა გააუქმა - ზოგიერთ რეისზე დღეები შეიცვალა

Wizz Air

ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები Wizzair-ის ვებგვერდზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება. ასევე, გვიან ღამიდან Wizzair-ის მომხმარებლებს მიუვიდათ შეტყობინება ესპანეთის, იტალიის და საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ქუთაისიდან ფრენის გაუქმების შესახებ - ამ ეტაპისთვის ფრენები სხვადასხვა პერიოდში გაუქმდა ლარნაკის, სალონიკის, ათენის, ვენის, მადრიდისა და მილანის მიმართულებით.

ავიაკომპანია მგზავრებს სანაცვლოდ სხვა დღეს ან სხვა მიმართულებას სთავაზობს.

ცვლილებებია ზოგიერთი მიმართულების სიხშირეშიც. მაგალითად, ამ დრომდე ქუთაისიდან მილანში კვირაში ოთხჯერ იყო ფრენა, ახლა რაოდენობა ორამდეა შემცირებული.

Wizzair-ის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა, ფრენების გაუქმება/შემცირება სავარაუდოდ კვლავ თვითმფრინავების ძრავების შემოწმებას უკავშირდება -  ავიაკომპანიას გასული წლიდან დაახლოებით 40-45 Airbus A320neo family-ის ინსპექტირება დასჭირდა ძრავებთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემების გამო. ამან სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ფრენების გაუქმება/შემცირება გამოიწვია. მათ შორის, Wizzair-მა რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან ფრენები გააუქმა პოლონეთის ქალაქების - გდანსკის და ვროცლავის მიმართულებით.

მეტის ნახვა