იტალიაში 2.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგზავნებოდა

კრიმინალი

იტალიაში, აღმოაჩინეს კოკაინი, რომელიც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგზავნებოდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მედიის ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების წონამ 2 700 კილოგრამი, ღირებულებამ კი 800 მილიონი ევრო შეადგინა. 

ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა. გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტეინერი საბოლოოდ სომხეთში უნდა შესულიყო, სადაც თითქმის 3 ტონა კოკაინის ჩატანა საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის პორტის გავლით იგეგმებოდა.

იტალიის პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკები 12-მეტრიან კონტეინერში სპეციალური სკანერებისა და პოლიციის გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აღმოაჩინეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იტალიის პოლიციამ ეკვადორიდან მომავალ ტვირთში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა. Routers-ის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ ასევე გამოავლინა, ჯამში, 600 კილოგრამამდე კოკაინის გადატანის მცდელობა. აღნიშნულ შემთხვევებშიც ტვირთის დანიშნულების ადგილი ხორვატია, საბერძნეთი და საქართველო იყო.

მეტის ნახვა