17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა - საიდან მოდის ისტორია?

სტუდენტების დღე

17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1946 წელს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.

1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა დააპატიმრეს ათობით სტუდენტი.

17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.

ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.

თარიღი საქართველოში 2009 წლიდან აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩართულები არიან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობები და გაერთიანებები.

მეტის ნახვა