ახალი ამბები • 1754042485
ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:
"ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 - ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;
სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.
აბიტურიენტების საყურადღებოდ: ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნა შესაბამისი გრაფა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

1745312322