აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის პროგრამები - რა სიახლეებს სთავაზობს უწყება მოსახლეობას?

2023 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 4 მილიონით გაიზარდა. იანვრის მდგომარეობით, წლის ბოლომდე უწყებას 332 მილიონ 235 ათასი ლარი აქვს ასათვისებელი. ამ თანხიდან, 13 მილიონი მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებითაა გათვალისწინებული. გაზრდილი ბიუჯეტით, სამინისტრო 36 ახალი პროგრამის დაფინანსებას გეგმავს. თამარ კიკნაძის რეპორტაჟიდან გაიგებთ, რა სიახლეებს სთავაზობს უწყება მოსახლეობას.

წელს, პირველად უმკურნალებს აჭარის მთავრობა იმ პირებს, რომლებსაც ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები აქვს. ახალი პროგრამა, სტაციონარულ მომსახურებას გულისხმობს და იგი სრულად იქნება დაფარული რეგიონის ბიუჯეტიდან.

უკვე იანვრიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, რეგიონის მოსახლეობას, 80-დან 100%-მდე შეუვსებს გადასახადს გულის ქირურგიაში. დააფინანსებს იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, DRG მეთოდით არ იფარება.

მოთხოვნის და რეკომენდაციების საფუძველზე, სამინისტრომ, წელს საპილოტედ აამოქმედა, თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობის დაფინანსება ახალი თაობის მედიკამენტებით.

სამინისტრომ გააფართოვა სოციალური პროგრამებიც. გაზარდა ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა. არსებულ თავშესაფრებს დაუმატა მეოთხე საცხოვრებელი. ახალი პროგრამით კი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლები და ორსულები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას.

ახალი წლიდან, გაზრდილია სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნუსხა. წლიური ლიმიტი 25 000 ლარამდეა. თითოეულ მიმართვაზე, დასაფინანსებელი თანხის ოდენობა 10 000 ლარია. მაღალტექნოლოგიური კვლევები კი 90-100%-ით ანაზღაურდება. გარდა ამისა, 100%-ით დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა 200 ათას სარეიტინგო ქულამდე მოქალაქეებს გაფანტული სკლეროზის, ფსორიაზის, ფსორიაზული და რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზისას, სხვა დანარჩენს კი 90%-ით.

მეტის ნახვა