დიდი პასუხისმგებლობა მიზერული ხელფასების სანაცვლოდ | ექთნებისა და სანიტრების გასაჭირი

სამედიცინო ბაზარზე, საექთნო საქმე სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. თავისუფალ სამუშაო ადგილს მრავლად იპოვით, თუმცა მიწოდება და მოთხოვნა თანხვედრაში არ არის. კლინიკებისა და ჰოსპიტლებისთვის არც დამლაგებლების, ე.წ. სანიტრების ვაკანტური თანამდებობების შევსებაა იოლი. ეს კი იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა დიდია,  ხელფასები კი - მიზერული. სახელმწიფო, გაზრდილი მინიმალური ზღვრული ანაზღაურების დაწესებით თავს იწონებს, თუმცა რეალობა კრიტიკას ვერ უძლებს.

დაბალი ხელფასი დღეს ქვეყნის ნებისმიერი კლინიკის ექთნის პრობლემაა. საკუთარი ანაზღაურებით კმაყოფილს ფაქტობრივად ვერ შეხვდებით. და მაინც, ამ ადამიანებს, იმ მწირი შემოსავლის დაკარგვისაც ეშინიათ, რაც აქვთ და საუბარს მხოლოდ იმ პირობით ბედავენ, რომ მათი იდენტიფიცირება არ მოხდება. ამბობენ, რომ დღეს ცოტათი უკეთესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე გასულ წლებში, თუმცა თავს მაინც ვერ აძლევენ უფლებას, მხოლოდ შრომის კანონმდებლობის შესაბამისად დაიტვირთონ.

ჩვენი შემდეგი რესპონდენტიც ჩაწერაზე ანონიმურობის დაცვის პირობით დაგვთანხმდა. მაინც არ სურს აღიაროს ხელფასის ოდენობა. თვლის, რომ ეს ეს სახელმწიფოს სირცხვილი უფროა, თუმცა თქმა მაინც ეთაკილება. იგი, სამედიცინო დაწესებულებაში სანიტრად მუშაობს, თან ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში. იღლება, თუმცა ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. ღირსეული ანაზღაურება არსადაა.

დამლაგებლებსა და ექთნებს გამოსავალი არ აქვთ. სამნიშნა ხელფასისთვის, თითქმის ყველა, სამ სამსახურში, შეთავსებით მუშაობს და ისიც არაგონივრული დატვირთვით. რეგულაციის მიხედვით, ექთნის სამუშაო დრო, თვეში 192 საათი უნდა იყოს, თუმცა იმისთვის რომ თვის ბოლოს საარსებოდ საკმარისი ხელფასი აიღოს, თავს ორმაგად იტვირთავს. ვინც ემერჯენსსა და რეანიმაციაშია, შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. საათობრივ ანაზღაურებას, გადაბმული მორიგეობებით იზრდიან. ანუ, ერთი ექთანი სამის საქმეს აკეთებს და მაინც, მათი ხელფასი იშვიათად აღემატება 600 ლარს. სწორედ იმიტომ, რომ დაბალი რგოლის სამედიცინო პერსონალში უკიდურესად დაბალი ანაზღაურებაა, ეს პრობლემას უქმნის თავად კლინიკის მენეჯერებსაც. სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ ხელფასზე მეტის გადახდა იშვიათად თუ უნდა ვინმეს, ამიტომაც კადრების დეფიციტი აქვთ. არა და, საერთაშორისო სტანდარტით, სხვა ვალდებულებები აქვთ. საუბარს თავს აქაც არიდებენ.

ერთ სამსახურში, მორიგეობიდან გამოსული ადამიანი, ღამის გასათევად მეორეში მიდის, არა და, საექთნო საქმე უდიდეს ყურადღებას და კონცენტრაციას მოითხოვს. არანაკლებ შრომატევადი საქმე და პასუხისმგებლობა აკისრია სანიტარს. გადაბმული მორიგეობების გამო, ისინი ხშირად იღებენ საყვედურებს თავად პაციენტებისგანაც. ცხადია, ეს ყველას ვნებს, თუმცა რეალობა მაინც არ იცვლება.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური ანაზღაურების ნაწილში, რეალობა კრიტიკას ვერ უძლებს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კი მედიებში განთავსებული სარეკლამო რგოლებით თავს აქტიურად იწონებს. ამბობს, რომ რეფორმის შედეგად, 1 იანვრიდან, ხელფასები მნიშვნელოვნად გამოსწორდა. თუმცა სახელმწიფო საჯაროდ არ ამბობს, რომ დაანგარიშებულ ხელფასებს 22% აკლდება და თუ სანიტარს 576 ლარს უხდის, ადრესატამდე, საპენსიოს და საშემოსავლოს დაქვითვით, მხოლოდ 449 მიდის.

ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურად მომზადებული სარეკლამო რგოლით ამტკიცებს, რომ პროცესს ზედამხედველობას შრომის ინსპექციის სამსახური უწევს, თუმცა ფაქტია, რომ სამედიცინო პერსონალი ზეგანაკვეთურ სამუშაოს მინიმალური ანაზღაურების ფასად ეწევა.

მეტის ნახვა