პირი იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და შემდგომ რეალიზაციას ახდენდა

სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულს თბილისში  ჰქონდა საამქრო, სადაც  დაქირავებული პირების მეშვეობით, ახდენდა საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე „ნაიკი“-ს ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და  რეალიზაციას.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მაღაზიიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, „ნაიკი“-ს  ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 28 ათასზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე 61 563 ცალი „ნაიკი“-ს ლოგო.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2- წლამდე ვადით.

მეტის ნახვა