ერთ-ერთ ბარში, 6 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

პოლიციის ლენტი

თბილისში რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომლისა და კიდევ ერთი ადამიანის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა