მასშტაბური საპროტესტო აქცია ახალშენში - რას ითხოვს მოსახლეობა?

აქცია

ამ წუთებში, ხელვაჩაურში, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალშენში მცხოვრებლები სოფლის ცენტრში არიან შეკრებილები.

ადგილობრივები კარიერის მოპოვებას აპროტესტებენ. ისინი TV25.GE-სთან იმ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც პროცესების განხორციელებას ხელს უშლიან. ამბობენ, რომ სამუშაოების დაწყების შემთხვევაში მათთვის ისედაც არსებული პრობლემები გაორმაგდება.

მოქალაქეებს ეშინიათ, რომ უწყლოდ დარჩებიან და საცხოვრებელი გარემო საფრთხის შემცველი გახდება, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

მოსახლეობა აქცენტირდება იმაზეც, რომ კარიერის მოპოვებით ბუნებას ზიანს აყენებენ.

ადგილობრივების თქმით, ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებენ და სამუშაოებს არ შეაჩერებენ.

"მთელი სოფელი მზად ვართ, რომ ღამეები აქ ვიდგეთ! ცდილობენ, სამუშაოები გვიან აწარმოონ, მაგრამ ამის უფლებას მაინც არ მივცემთ. დავიცავთ ჩვენს სოფელს. გააუქმოს ხელისუფლებამ კონტრაქტი, რათა მოსახლეობამ მშვიდად იძინოს", - გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილზე იმყოფება ოპოზიციონერი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". მიშა ბოლქვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოქალაქეთა პრობლემებით დაინტერესდეს და მათ დახმარება გაუწიოს.

ხელვაჩაურის მერის განცხადებით, უწყებაში ინფორმირებულები არიან და მათი წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან.

მეტის ნახვა