სკანდალური განცხადება ამბიონიდან და რუსეთის პატრიარქის საჯარო კრიტიკა მეუფე დიმიტრისგან

სკანდალური ქადაგება ამბიონიდან. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა პუტინი და რუსეთის პატრიარქი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო საჯაროდ გააკრიტიკა. „პუტინს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს და რუსეთის პატრიარქი კირილე ამის თანამონაწილეა“, - თქვა დიმიტრი შიოლაშვილმა. სინოდის წევრმა თავის მეგობარ რუს მღვდელმთავრებსაც მიმართა. ნინია მესხიძემ მოისმინა ვრცელი განცხადება, რომელიც თემის დეტალებით გვიერთდება.

„შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში“, - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დღევანდელი ქადაგება. მეუფემ უკრაინელებს მტკიცე და მედგარი ნებისყოფის მქონე ხალხი უწოდა. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირმა პუტინს „ბოროტმოქმედი“ უწოდა. სასულიერო პირის შეფასებით, ადამიანს, რომელიც მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებითა და განადგურებით ემუქრება, არ შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს ქრისტიანობასთან.

დიმიტრი შიოლაშვილმა ამბიონიდან თავის მეგობარ რუს მღვდელმთავრებს მიმართა, რომ თუ ისინი რუსეთის პრეზიდენტს არ ამხელენ და ბოროტების შეჩერებას არ ეცდებიან, მათთან ურთიერთობას გაწყვეტს.

სინოდის წევრმა ისაუბრა რუსეთის პატრიარქზეც, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები „ქვეყნის ინტერესების დაცვად“ შეაფასა. მეუფე დიმიტრიმ პატრიარქ კირილს ბოროტმოქმედი პუტინის თანამზრახველი უწოდა.

მეუფე დიმიტრიმ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც შეაფასა.

მე აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, საპატრიარქომ წერილი გაავრცელა, სადაც რუსეთი და ოკუპაცია ნახსენები არ იყო. ცნობისთვის, მეუფე დიმიტრი, მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, ობიექტური და ადეკვატური დამოკიდებულებებით გამოირჩევა.

მეტის ნახვა