ახალი ამბები • 1728566105
"ქართული ოცნება" დასუსტდა და გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებს | პრეზიდენტი
საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ე. წ. რუსული კანონის შესახებ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში, სადაც აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნები "იქნება რეფერენდუმი ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ".
პრეზიდენტმა ეს განცხადება გამოკითხვების საფუძველზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება" 25%-ზე მეტს ვერ აიღებს. მისი განცხადებით, ,,ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბრის პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის".
"არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%.
,,მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ ქართულ ოცნებას მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან", - თქვა პრეზიდენტმა.
"ქართული ოცნების" მიერ მიღებულ ე. წ რუსულ კანონთან დაკავშირებით კი ზურაბიშვილმა თქვა, რომ კანონის ძალაში შესვლა "დიქტატურის დამყარების მცდელობაზე მეტია".
"ეს ამაზე მეტია. საქართველო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით. უცხოური აგენტების შესახებ კანონს ტყუილად არ შეერქვა რუსული კანონი: სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს. საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. მოსახლეობამ გასულ გაზაფხულს, მასობრივი დემონსტრაციებით უარი უთხრა ამ კანონსა და ამ მიმართულებაზე, რომლის თავსმოხვევასაც ცდილობენ. ახლა მათ ეს არჩევნებზე უნდა დაამტკიცონ", - თქვა მან.
კითხვაზე, ხომ არ ხედავს მოსკოვის ხელს საკამათო კანონის მიღების უკან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მკაფიო არჩევანია მოსკოვთან დაახლოება.
"ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა,- ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
1728068947
1726854943
1726726009