საით მიდის პროტესტი და რატომ დააწესა უქმეები საქართველოს მთავრობამ | შეფასებები

29 აპრილს ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ წარმოთქმულმა სიტყვამ  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები უფრო მასშტაბური გახადა. პოლიციისა და სპეცრაზმის მხრიდან  დემონსტრაციულად გამოყენებული უკომპრომისო ძალადობის მიუხედავად, საპროტესტო აქციები არ წყდება. ქუჩაში გამოდიან  ახალგაზრდებიც და სხვა თაობის  წარმომადგენლებიც. პროცესებს არ ჰყავს ლიდერი. ადამიანები რეგიონებიდან ყოველდღიურად მიემგზავრებიან და უერთდებიან აქციებს. პარალელურად, თითქმის ყველა დიდ ქალაქში პერმანენტული პროტესტი იმართება. რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს და რა უპასუხა საზოგადოებამ ყოფილ პრემიერს? საით მიდის პროტესტი? რა აჩვენა ამ დღეებმა და რა გეგმა აქვს ოცნებას უქმე დღეების დაწესებით,  ნაირა ქობულაძე ესაუბრა ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

პარტიაში „გირჩი მეტი თავისუფლება“ მიაჩნიათ, რომ  პროტესტი საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ  მიდის და საბოლოო ჯამში „არა რუსულ კანონს“ ნარატივი ჩანაცვლდება მოთხოვნით  - არა რუსულ მთავრობას. თემურ გორგაძის თქმით, უქმე დღეების დაწესებით ხელისუფლებას ხალხში საპროტესტო მუხტის  დაგდება სურს, რაც არ გამოუვა.

თითქმის იდენტური პოზიცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ასმათ დიასამიძეს მიაჩნია, რომ პროცესები ახალგაზრდების სასარგებლოდ დასრულდება. ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას რეალობის სწორად აღქმისა და საზოგადოების ნების გათვალისწინებისკენ  მოუწოდებს.

„ევროპულ საქართველოში“ თვლიან, პროტესტმა ცვლილებებისთვის მზადყოფნა აჩვენა. თემურ დიასამიძეს მიაჩნია, რომ ცვლილებები გარდაუვალია.  მისივე განცხადებით,  „ოცნებას“ უქმე დღეების დაწესებით საპროტესტო მუხტის  შემცირება სურს.

პარტია „საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ  რეალურად ახლა ხელისუფლების დელიგიტიმაციის პროცესია დაწყებული. ნინო ჩხეტიას თქმით, „ოცნებამ“ უკვე მოახერხა კრიტიკულად განწყობილი ელექტორატის მის წინააღმდეგ გაერთიანება და ეს მუხტი ოქტომბრის არჩევნებზეც მივა.

დღეს სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთა საქართველოს ევროპული  ინტეგრაცია“ ფიქრობენ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“  . არჩილ ბერიძე ამბობს, რომ პროცესები ისე ვითარდება,  საბოლოო ჯამში საზოგადოება იძულებული გახდება ხელისუფლების ცვლილება და  ვადამდელი არჩევნები მოითხოვოს. 

აგენტების შესახებ კანონი პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე  83 ხმით უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო. პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კ, შემდეგ კი სესიაზე  მესამე მოსმენით კენჭისყრა.  ამის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა  პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელიც კანონზე ვეტოს დადებას აანონსებს. თუმცა, სავარაუდოდ, ვეტოს დადების შემთხვევაში „ოცნების“ უმრავლესობა მის დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც დოკუმენტი ძალაში შევა.

მეტის ნახვა