საკანონმდებლო საქმიანობა კონსტიტუციის დარღვევით | აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბა

საკანონმდებლო საქმიანობა კონსტიტუციის დარღვევით. პარლამენტის შემდეგ, პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ამჯერად, აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბა. სხდომათა დარბაზში, აქაც მხოლოდ ოცნების დეპუტატები იყვნენ, ოპონენტებისთვის განკუთვნილი ადგილები კი ცარიელი იყო. თუმცა ამ ფაქტორს, მმართველის გუნდისთვის დიდი დისკომფორტი არ შეუმქნია. დეპუტატებმა საკუთარი უფლებამოსილებაც ცნეს და საკანონმდებლო საქმიანობის შემდგომი ნაბიჯებიც დააანონსეს.

პრეზიდენტის მოწვევის გარეშე შეკრებილი აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ტრადიციულად უხუცესმა წევრმა გახსნა, შემდგომ კი დარბაზში მარტოდ დარჩენილი ოცნების დეპუტატების წინაშე უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარსდგა. პარმენ ჯალაღონიამ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა და თქვა, რომ კენჭისყრა სამართლიანი და გამჭვირვალე იყო.

რეგიონის პირველი კანონმდებელი აჭარაში კვლავ დავით გაბაიძეა. ფარული კენჭისყრით მის კანდიდატურას მხარი  უმაღლესი საბჭოს 13-მა  წევრმა დაუჭირა. გაბაიძე ამ პოსტზე მესამე ვადითაა.

დღესვე, ოპოზიციის გარეშე დარჩენი სხდომაზე ოცნების დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე და კომიტეტის ხელმძღვანელები აირჩიეს.

მეექვსე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო  დღეს პროტესტის ფონზე  შეიკრიბა. უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში არ შედიან და მანდატზე უარს ამბობენ, დღეს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციას შეუერთდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე  პოლიტიკოსებთან ერთად ის ადამიანებიც შეიკრიბნენ,  რომლებიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ  და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

„დამიბრუნე ჩემი ხმა“, „ვგუშაგობთ ერს მარად“, „დაიბრუნე ხმა“ - ამ ბანერებით აქციას  ახალგაზრდული მოძრაობა „გუშაგების“ წევრებიც შეუერთდნენ. ახალგაზრდებმა უმაღლესი საბჭოს კიბეებზე სტიკერები გააკრეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 21 წევრისგან შედგება. აქედან 13 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, დანარჩენი კი ოპოზიციაზე გადანაწილდა.

მეტის ნახვა