სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენება პრეზიდენტის რანგში - რა აქცენტები გააკეთა პრეზიდენტმა მიმართვაში?

სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენება პრეზიდენტის რანგში. ქვეყნის მთავარსარდალი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტარების წინაშე დღეს კრიტიკული ანგარიშით წარსდგა. წინა გამოსვლების მსგავსად, ოცნების გუნდის წევრები მას ფეხზე არც დღეს წამოუდგნენ.  ერთ საათიანი მიმართვაში ზურაბიშვილმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ქვეყანა გასულ წელს იდგა. ახსენა ანტიდასავლური კამპანია, ჰიბრიდული ომი, სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები და ბოლოს, მიმართა ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს. უფრო კონკრეტულად, რა აქცენტები გააკეთა პრეზიდენტმა მიმართვაში?

საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება იმ გამოწვევებზე საუბრით დაიწყო, რომლის წინაშეც ქვეყანა 2023 წელს იდგა. ზურაბიშვილის თქმით, სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება - მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნების დროს. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჰიბრიდულ სტრატეგიას  მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები ეფუძნება: ფრენების აღდგენა, "ფეესბეს" და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში.

პარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის კუთხით, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ახსენა რუსული კანონის მიღების მცდელობა, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სახელმწიფო შტოებს შორის მოშლილი ბალანსი. თქვა, რომ  პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა და პარლამენტი პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა

ქვეყნის პრეზიდენტმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სასამართლო კლანზე და გადაჭარბებულ ძალაუფლებაზე. თქვა, რომ ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს

ტრიბუნიდან ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს მიმართა. თქვა, რომ მომავალ პრემიერთან  ასოცირდება რუსი დეპუტატის, გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი და დაინტერესდა თუ როგორ აპირებს იგი საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებასა. ბიძინა ივანიშვილთან კი კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს მისი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციასა და ქვეყნის საგარეო კურსზე.

გამოსვლის დასკვნით ნაწილში კი აქცენტირდა ოპოზიციის მისამართითაც. განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესებზე პასუხისმგებლობა მათაც უნდა აიღონ და დაასრულონ ერთმანეთის ლანძღვა, რაც საზოგადოებაში ნიჰილიზმს აღვივებს. მან  ქვეყანაში არსებული ჩიხიდან გამოსვლის საკუთარ "ფორმულასა" და "გზაზეც" ისაუბრა. მან  საზოგადოებას ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბება შესთავაზა,  რომელიც ევროპული მომავლის მიზნის ირგვლივ იქნება გაერთიანებული.

ქვეყნის პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება უპარტიო, არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი,  რომელიც საბჭოთა წარსულს ევროპული მომავლით ჩაანაცვლებს.

მეტის ნახვა