ახალი ამბები • 1754042485
სუს-ის კრებსები, საპატრიარქოს პრივილეგიები, 5 ივლისის ძალადობა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში არსებული მდგომარეობაა განხილული.
ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერებია.
ანგარიშის თანახმად, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში გაშუქებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ სუს-ის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება ფართოდაა გავრცელებული.
"კანონები და პოლიტიკასაქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს. სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიურ ლიდერებსა და სხვათა ფართო თვალთვალს და მათ საუბრების მიყურადებას პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან.
მთავრობამ უარყო დოკუმენტების ლეგიტიმურობა, მაშინ როცა ზოგიერთმა რელიგიურმა ლიდერმა, ჟურნალისტმა და სხვებმა დაადასტურა ისინი და თქვა, რომ თვალთვალმა შემაძრწუნებელი გავლენა იქონია რელიგიის თავისუფლებაზე, რადგან დაადასტურა მათი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდებოდა რელიგიური ჯგუფების საქმიანობას", - წერია ანგარიშში.
ანგარიშში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მთავრობის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ითვალისწინებდა COVID-19-ის პანდემისი დროს გამონაკლისს, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღესასწაულების აღნიშვნის დროს. დეპარტამენტი წერს, რომ მთავრობამ ყველა სხვა რელიგიურ ჯგუფს დღესასწაულების აღსანიშნავად სპეციფიკური განაცხადის შევსება მოსთხოვა.
დეპარტამენტის განცხადებით, "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" კვლავაც აცხადებდა, რომ პროკურატურას არ შეუძლია ბრალი წაუყენოს პირებს რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისთვის.
"პარლამენტმა კვლავ ვერ შეასრულა სასამართლოს დადგენილება, რომ შეეწყვიტა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული ექსკლუზიური საგადასახადო და ქონებრივი პრივილეგიები, ან გაევრცელებინა ეს შეღავათები სხვა რელიგიურ ჯგუფებზე", - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში მოხვდა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიც. აღნიშნულია, რომ ათასობით ძალადობრივად განწყობილი პირი, მათ შორის ქართული ეკლესიის მღვდლები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, გაანადგურებს თბილისი პრაიდის ოფისი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსაც.
"თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი ღირსების მარში გაუქმდა, როდესაც დაახლოებით 3 000 მოძალადე პიროვნება, ულტრამემარჯვენეები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი მღვდელი, თავს დაესხა ჯგუფის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს", - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში ნახსენებია პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფოც და წერია, რომ ტელეკომპანია წლის განმავლობაში შეუწყნარებელ განცხადებებს აკეთებდა. ამასთან, საუბარია სასულიერო პირებზეც, რომლებიც კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიებს ავრცელებდნენ და ქადაგებისას ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებდნენ.

1745312322