ვაშაძემ მანდატის გაუქმება მოითხოვა, "ცვლილებისთვის" ცესკო-ს სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართავს

პარტიები

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, უკვე გაგზავნა განცხადება პარლამენტში, მანდატის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით.

"უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. მე არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, იმისთვის, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

მანდატების გაუქმების მოთხოვნით ცესკოს მიმართავენ კოალიცია ცვლილებისთვის სიის წევრებიც. განცხადება ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ გააკეთა. 

"მინდა განვაცხადო ფორმალურად „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკო-ში და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმართავს ცესკო-ს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენს სიას, არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ჩვენგან ფეხს არავინ არ შეადგამს ამ პარლამენტში. ეს პარლამენტი არ არსებობს, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ არსებობს", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ხალხი უწყვეტ პროტესტს განაგრძობს. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს. ღამე აქციის მონაწილეებმა სამთავრობო კვარტალში გაათენეს. დღეს პარლამენტში პირველი სესიაც მოსახლეობის მწვავე პროტესტის ფონზე გაიმართა. როგორც მოქალაქეები აცხადებდნენ, ისინი არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას და დეპუტატების იქ შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ. იმისთვის, რომ მმართველი გუნდის წევრები საკანონმდებლო ორგანოში შეუფერხებლად შესრულიყვნენ, სამართალდამცველებს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი ჰქონდათ. დაბოქლომებული იყო პარლამენტის ჭიშკრები. გამთენიისას კი ადგილზე გამოჩნდა შსს-ს მიერ შეძენილი წყლის ჭავლის მანქანებიც. 

მეტის ნახვა