ახალი ამბები • 1733750807
ვის რამდენს ხარჯავს პოლიტიკური განცხადებების რეკლამირებისთვის სოცქსელებში | ISFED-ის კვლევა
"სამართლიანი არჩევნები" ასაჯაროებს კვლევას, სადაც დეტალურადაა აღწერილი, ვინ რამდენ ლარს ხარჯავს პოლიტიკური განცხადებების რეკლამირებისთვის სოცქსელებში. ISFED-ის ინფორმაციით, „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობითვე, რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 2 927-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვი. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 113 606 დოლარით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.
როგორც საანგარიშო პერიოდიდან გამოვლინდა, რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით გამოირჩეოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ფეისბუქგვერდი, რომელმაც სოციალური მედიის პლატფორმაზე 16-ჯერ მეტი ღირებულების რეკლამა განათავსა, ვიდრე წინა კვარტალში.
"უწყების საქმიანობის ამსახველ პოსტებთან ერთად, გვერდზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კამპანიას „ქართული ენა გვაერთიანებს“. მოცემული კამპანია მიზნად ისახავდა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლის პოპულარიზაციასა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლებას. რეკლამების ნაწილი გამოქვეყნებული იყო ეთნიკური უმცირესობების ენებზე და სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ „მეტას“ ახალგაზრდა მომხმარებლები შესაბამისი ეთნიკური ჯგუფით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან", - წერს ISFED-ი.
გარდა ამისა, წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯიც. მმართველი პარტიის ფეისბუქგვერდზე რეკლამების უმეტესობა ირაკლი კობახიძის განცხადებებს, ბრიფინგებს, ვიზიტებსა და შეხვედრებს მიეძღვნა. პოლიტიკური გაერთიანება ფეისბუქზე, ასევე, ასპონსორებდა საინფორმაციო ბარათებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტების შესახებ.
"სამართლიანი არჩევნებს" ინფორმაციითვე, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ძირითადად, დასპონსორებული იქნა პირდაპირი ვიდეოჩართვები, რომლებიც შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გამართულ ორმხრივ შეხვედრებს, მთავრობის სხდომებს, ბრიფინგებს, კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობასა და სხვა აქტივობებს.
"აგრეთვე, რეკლამის სახით განთავსდა იმგვარი ღონისძიებების ამსახველი ვიდეოჩართვებიც, რომელთა ხანგრძლივობა ერთ საათს აღემატებოდა. მათ შორისაა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნა გასული წლის 26 ოქტომბერს, 15 დეკემბერს გამართული კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და 18 დეკემბერს წარდგენილი პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში. სურათების სახით განთავსებულ რეკლამებს შორის იყო ღარიბაშვილის ინსტაგრამის ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოები და რელიგიური დღესასწაულების მისალოცი ბარათები ფეისბუქზე", - ნათქვამია კვლევაში.
წინა კვარტალთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის, ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯები. ვაშაძის ფეისბუქგვერდზე განთავსებული რეკლამების უმრავლესობა პოლიტიკოსის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ პოსტებს მიეძღვნა. ასევე, დასპონსორებული იქნა მისი საპარლამენტო გამოსვლებისა და ტელემედიაში ჩართვის ვიდეოფრაგმენტები.
ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ „მეტას“ ბიბლიოთეკაში მოცემული რეკლამების რაოდენობის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ფეისბუქგვერდი - Georgia First NEWS აქვეყნებდა. დარეკლამებული მასალები, ძირითადად, ანტიდასავლურ, ირიბად პრორუსულ, უკრაინის საწინააღმდეგო, ანტილიბერალურ და ჰომოფობიურ ნარატივებს შეიცავდა.
"რეკლამებში წარმოჩენილი იყო რუსეთისადმი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების არაეფექტურობა, რუსეთის ეკონომიკური მდგრადობა, ომში უკრაინის მარცხის ფაქტობრივი გარდაუვალობა, აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებში გენდერული და სექსუალური იდენტობის თავსმოხვევა და სხვ. გავრცელებულ მასალებში, განსაკუთრებით, შეინიშნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, აგრეთვე, ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერების მადისკრედიტირებელი კამპანია, ხოლო პოზიტიური გზავნილები მიემართებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. ამავდროულად, დასავლეთი დადანაშაულებული იყო სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში, რის მაგალითადაც სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები სახელდებოდა.
გვერდზე განთავსებულ რეკლამებში მიუთითებდნენ, რომ მსგავსი სცენარის განხორციელება საქართველოშიც იყო დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომის მეორე ფრონტში ჩართვის მცდელობებშიც იყო დადანაშაულებული. საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით კი რეკლამები ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებსაც შეიცავდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1728455482
1727447820