ყაველაშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად  საარჩევნო კოლეგიის წევრები მიიწვიეს

პაპუაშვილი

ყაველაშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად  საარჩევნო კოლეგიის წევრები მიიწვიეს - განცხადება ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ცერემონია პარლამენტის შენობაში 29 დეკემბერს დილის 11 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდება:

"ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები...

ჩვენ სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის საინუგურაციო კონსტიტუცია დავბეჭდეთ, რომელიც პირველად იქნება გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას, ზუსტად ეს იქნება გამოყენებული, ეს ეგზემპლარი. ასე რომ, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასევე სახელმწიფო არქივს“, - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმითვე, ცერემონიაზე ელჩები მიწვეულები არ არიან - "ელჩები დაპატიჟებულები არ არიან... მე არც მქონდა განსაზღვრული, რომ მოგვეწვია უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ამ ინაუგურაციაზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, დარბაზსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, ეს არის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც მნიშვნელოვანია, თავად საარჩევნო კოლეგიის წევრები დაესწრონ და ასევე კონსტიტუციური ორგანოები სრულად იყვნენ წარმოდგენილი" - თქვა თავმჯდომარემ.

მეტის ნახვა